მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Sunday, 03.January 2010

K-Lite Codec Pack 5.5.6 Update


სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც უყვართ ფილმებისა და მუსიკის დაკვრა საყვარელ და ჩვეულ Media Player-ში, ან მათთვის ვისაც არ აინტერესებთ/სჭირდებათ რამე განსხვავებულის, შესაძლოა უკეთესის ძიება :-) კიდევ ერთხელ განახლდა მსოფლიოში ცნობილი და საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული K-Lite კოდეკების ნაკრები, Codec Guide-ისგან.

პროგრამა გაანაახლებს თქვენს 5.5.x პაკეტს 5.5.6 ვერსიამდე, რასაც რიგი გაუმჯობესებები მოაქვს.  კოდეკების პაკეტი ხშირად განახლდება, რამაც შეიძლება მხოლოდ გაგვახაროს. ვისაც გვაინტერესებს, ვკითხულობთ - ვაჭერთ სრულად-ს.

20:50,   gearge  |  38622 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
სიახლეები 2009
Sunday, 01.November 2009

DjVuLibre v3.5.22


წიგნის ციფრულ ფორმატში გადაყვანა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ როგორ, ეს უკვე პრობლემაა. თუ წიგნს დავასკანერებთ და მასზე OCR სოფტს (ხელნაწერის ამომცნობს) გავუშვებთ, პირველ რიგში, დაიკარგება ნაწერის ინდივიდუალობა (მაგალითად, ძველი ქართული ხელნაწერები) და მეორე რიგში ნახატების “ამოცნობა” იქნება შეუძლებელი, თუ გვერდს პირდაპირ სურათულ ფორმატში შევინახავთ, მაშინ ზომის პრობლემა გვექნება –  გვერდის კარგ ხარისხში შენახვას 20 მბ–ზე მეტი სჭირდება. გასაგებია, რომ ასეთი ხარისხით სკანირებულ თუნდაც 100 გვერდიან წიგნს ვერავის გაუგზავნით.

მოკლედ, საჭირო გახდა ახალი მიდგომა, რომელიც ამ ორი მეთოდის საუკეთესო თვისებებს შეათავსებდა და ასე გაჩნდა ღია და უფასო ფორმატი DjVu (იკითხება “დეჟავუ”), რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, გვერდს შლის ფონად (სურათები და ქაღალდის ფაქტურა) და ტექსტად და პირველს ინახავს მაქსიმალურად კარგი ხარისხით, მეორეს კი მინიმალურით. ასე შენახული გვერდი მაქსიმალურად პატარაცაა და მაქსიმალურად ხარისხიანიც.

ამ თვისებების გამო DjVu ძალიან პოპულარული გახდა სკანირებული ტექსტის შესანახად და მასში შენახულ წიგნებსაც ხშირად წააწყდებით. თუმცა მხოლოდ შენახვა საკმარისი არაა, .djvu ფაილის გასახსნელად სპეციალური პროგრამა, სახელად DjVuLibre დაგჭირდებათ (ასევე გამოგადგებათ ჩვენ მიერ უკვე მიმოხილული STDU Viewer).

პროგრამის მოხმარება ძალიან მარტივია და მის ცალკე განხილვას არ შევუდგებით.

16:17,   domen  |  78487 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 31.October 2009

Daemon Tools Lite v4.35.5


ქართული ენის ოფიციალური მხარდაჭერით!

განახლდა ერთ–ერთი საუკეთესო ვირტუალური დისკის სოფტი, რომელსაც შეუძლია თქვენს სისტემაში ვირტუალური დისკ დრაივის (დისკამძრავის) დამატება და მასში დისკის ასლების გაშვება (დისკის ასლებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში).

ერთ–ერთი უმთავრესი სიახლე ჩვენთვის ამ ვერსიაში ისაა, რომ ფორუმელმა sikvdila თავისი ძალებით, DT Soft–თან შეთანხმებით გააქართულა პროგრამა და ამიერიდან Daemon Tools–ის ქართული ინტერფეისი მისაწვდომი იქნება მის ყველა მომდევნო ვერსიაში ყველანაირი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე. უბრალოდ შედით Preference–ებში და ენებში აირჩიეთ Georgian (ქართული).

Windows 7–ის მომხმარებლებისთვის საყურადღებოდ: არ მოგატყუოთ ინსტალაციისას ამომხტარმა შეტყობინებამ არათავსებადობის შესახებ, პროგრამა მხარს უჭერს თქვენს სისტემას და მისი დაინსტალირება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

19:20,   domen  |  70759 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 30.October 2009

GIGA Tweaker 3


Windows 7–ის მორგება

სისტემის ჩვენს ჭკუაზე მოყვანა ყველას გვიყვარს, მაგრამ ამის გასაკეთებლად რეესტრში და სისტემურ უტილიტებში ღრმად ქექვაა საჭირო, რამაც შეიძლება საერთოდ უარი გათქმევინოთ ყველანაირ მორგებაზე. საბედნიეროდ, არსებობს პროგრამების მთელი არმია, რომლებიც სასიამოვნო, კატეგორიზებულ ინტერფეისში აერთიანებენ ყველა ამ პარამეტრს და იძლევიან სისტემის დიდი ძალისხმევის გარეშე მორგების საშუალებას.

ერთ–ერთი უფასო და შესანიშნავი მათგანია GIGA Tweaker, რომელიც შექმნილია სპეციფიკურად Windows 7–ისთვის და იძლევა ყველაზე ხშირად გამოყენებადი პარამეტრების შეცვლის საშუალებას.


გარდა იმისა, რომ აერთიანებს ძალიან ბევრ კარგად დახარისხებულ პარამეტრს (რომელთა ჩამოთვლასაც არ მოვყვებით მათი სიმრავლის გამო), GIGA Tweaker–ს რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი აქვს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა ტრეი–შეტყობინებების საშუალებით მოკლე და გასაგები ტექსტით აგიხსნით უმეტესი პარამეტრების დანიშნულებას, რაც საშუალებას მოგცემთ, პროგრამა სასწავლო დანიშნულებითაც გამოიყენოთ. მეორე მხრივ კი ახალბედას უფრო გაუჭირდება რამეს გაფუჭება.

ასევე, GIGA Tweaker შემოგთავაზებთ explorer.exe–ს ავტომატურ რესტარტს, თუ ეს რომელიმე პარამეტრის ცვლილების ძალაში შესასვლელად საჭიროა, მისი კონსოლის საშუალებით შეიძლება თვალი მიადევნოთ, პარამეტრის ცვლილებისას რა იცვლება სისტემაში, შეგიძლიათ მარტივად შექმნად Restore Point, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გაუგებრობები.

მოკლედ, GIGA Tweaker ძალიან საინტერესო და ხშირად საჭირო პროგრამა გახლავთ, ყველას გირჩევთ მის ქონას.

20:27,   domen  |  71722 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 28.October 2009

Microsoft PhotoSynth


სამი განზომილება, უმტკივნეულოდ

რამდენიმე წლის წინ Microsoft Live Labs–მა ახალი თანამშრომელი, სახელად ნოა სნეივლი (Noah Snavely) აიყვანა და მისი იდეის, გადაღებული სურათებით აღედგინათ გადაღების ადგილის სამგანზომილებიანი მოდელი, განხორციელება დაიწყო.

პროექტს თავიდან “ფოტო ტურიზმი” ერქვა, რომელიც გამოხატავდა იდეას, საინტერესო ადგილების დათვალიერება კომპიუტერიდან მოუცილებლად ყოფილიყო შესაძლებელი. Microsoft–მა ტექნოლოგიას სახელი შეუცვალა და photoSynth, ანუ “ფოტოსინთეზი” უწოდა. PhotoSynth კორპორაციის კიდევ ერთ პროდუქტზე, SilverLight-ზე დაფუძნდა და მომხმარებლისთვის სამგანზომილებიანი მოდელების ჩვენება მისი საშუალებით ხდება.

რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიას: თქვენ სასურველ ადგილს უღებთ რაც შეიძლება მეტ სურათს, რომლებსაც ერთმანეთთან თანაკვეთა რაც შეიძლება მეტი აქვთ, შემდეგ “აჭმევთ” ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პროგრამას ამ სურათებს, ის კი მათით ადგილის სამგანზომილებიან მოდელს აკეთებს. როგორ? ამის გასაგებად ჯობია ვიდეორგოლი ვნახოთ:

როგორც ვიდეორგოლშია ნათქვამი, გარდა ბევრი სურათისა, PhotoSynth–ს სჭირდება რაც შეიძლება მეტი ტექსტურა და რაც შეიძლება ნაკლები ერთფეროვანი საგანი სურათებში, რათა ფოტოები ერთმანეთთან კარგად დაწყვილდეს.

შექმნილი სინთეზები ავტომატურად იტვირთება PhotoSynth–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (PhotoSynth.net) და იქვეა მისაწვდომი (სანახავად საჭიროა Microsoft Silverlight–ის ქონა). შესაძლებელია სინთეზების embed კოდის მიღება და მათი საკუთარ ვებ–გვერდზე განთავსება.

სინთეზის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ვენეციის კოლაჟი:

ვენეცია photoSynth–ში

PhotoSynth არა მხოლოდ “ფოტო ტურიზმისთვისაა” გამოსადეგი. ტექნოლოგიის ფეხის მოკიდების შემდეგ ძალიან მოხერხებული იქნება მისი გამოყენება, მაგალითად, მანქანების/ბინების/ნებისმიერი საგნის ყიდვა–გაყიდვის ვებ–გვერდზე პროდუქტის შესახებ უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად.

სერვისის ფაქტიურად ერთადერთი ნაკლი გახლავთ ის, რომ სინთეზები შესაბამის პროგრამაში დამუშავების შემდეგ პირდაპირ იტვირთება Microsoft–ის სერვერებზე. მართალია, შეგიძლიათ ის "პირადული (private) გახადოთ, რაც უცხო პირებს მისი ნახვის შესაძლებლობას მოუსპობს, მაგრამ თქვენი სურათები MS–ისთვის მაინც იქნება მისაწვდომი.

18:55,   domen  |  165281 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 23.October 2009

Windows 7 USB/DVD Download Tool


ჩამტვირთავი ფლეშკა - ავტომატურად!

Windows XP–ს საინსტალაციო დისკის ფლეშკაზე პორტირება მთელი თემაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ყველასთვის გასაგებ–ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის. ამასობაში კი გამოვიდა Windows 7, რომლის პორტირებისთვისაც კიდევ ახალი ინსტრუქციების გადაკითხვა–გაცნობაა საჭირო…

თურმე Microsoft–მა ესეც  კი გაითვალისწინა და გუშინ, Windows 7–თან ერთად ოფიციალურად გამოვიდა Windows 7 USB/DVD Download Tool, ანუ პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ [იდეაში Microsoft Store–იდან ჩამოტვირთული] Windows 7–ის ISO იმიჯი USB–ზე სრულიად ავტომატურ რეჟიმში ჩაწეროთ და სახელოების დაკაპიწებაც კი არ დაგჭირდეთ!

დიდი გასარჩევი და დასაღეჭი არც არაფერია – უბრალოდ უნდა ჩამოტვირთოთ 1 მბ–ზე ნაკლები მოცულობის პროგრამა თქვენს კომპში, დააინსტალიროთ (ეს პრაქტიკულად ერთადერთი ნაკლია), მიუთითოთ ფლეშკა, რომელზეც გსურთ საინსტალაციო პაკეტის ჩაწერა და დანარჩენს პროგრამა თავისით გააკეთებს, საბოლოოდ კი თქვენ მიიღებთ ჩამტვირთავ ფლეშკას, რომლითაც ნებისმიერ კომპზე (განსაკუთრებით ამ ამბით ნეტბუკების პატრონები იხეირებენ) შეგიძლიათ Windows 7–ის დაყენება.

19:11,   domen  |  226096 ნახვა | 11 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 22.October 2009

Windows 7 ოფიციალურად გამოვიდა!


და რა არის Windows 7?

როგორც ჯერ არაოფიციალურად გახმაურდა და შემდეგ ოფიციალურადაც დადასტურდა, Microsoft–ის წარმატებული ოპერაციული სისტემის, Windows 7–ის გამოსვლა 22 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. MS–მა თავის უკვე ჩვეულ პუნქტუალობას არ უღალატა და ახალი ოპერაციული სისტემა ოფიციალურად მოევლინა ტექ. სამყაროს. მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Amazon–ის საშუალებით (სხვათა შორის, Win7–მა წინასწარი შეკვეთების ყველა რეკორდი მოხსნა Amazon UK–ზე), თუმცა ჩვენს პირობებში ეს ნაკლებ მოსალოდნელია. ამიტომ შეგიძლიათ ტორენტებზე მოიძიოთ Win7 Build 7600, რომელიც არის კიდეც RTM ვერსია.

Aero Peek triggered from Windows Flip

ვინც აქტიურად გვადევნებდა თვალყურს, მათთვის ეს სიახლე გასაკვირი არ იქნება და Windows 7–ზეც, ასე თუ ისე, გარკვეული ინფორმაცია ექნებათ, მათ კი, ვინც აქამდე ჭურში იჯდა, გთავაზობთ ჩვენთან ჯერ კიდევ წინა წლიდან გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან სიახლეებს Windows 7–ის შესახებ.

სულ თავიდან, MS–მა გადადგა სწორი ნაბიჯი და Windows 7–ის მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა სტივენ სინოფსკი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის სისტემის წარმატებაში (სხვათა შორის, ის დააწინაურეს და უკვე მთელ Windows მიმართულებას ხელმძღვანელობს). რამდენიმე თვის შემდეგ PDC 2008–ზე პირველი, ნამდვილად დამაიმედებელი და საინტერესო დეტალებიც გამოჩნდა, რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა Windows 7–ის ყველასთვის მისაწვდომი ოფიციალური Beta.

20:21,   domen  |  184793 ნახვა | 12 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 21.October 2009

Fences 1.0


მოვაწესრიგოთ დესკტოპი
დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი ფაილი გროვდება, რომლებიც ყოველთვის თვალწინ უნდა გქონდეთ, არადა დესკტოპზე რამდენიმე ათეულზე მეტს ვერ დაატევთ. ყველას ერთად დაყრაც პრობლემაა – ისე ირევიან ერთმანეთში, საჭირო მათგანის მოძებნას რამდენიმე წუთიც შეიძლება დასჭირდეს. ამ პრობლემის მოსაგვარებელი ერთი გზა უკვე განვიხილეთ, ახლა უფრო ვიზუალურ და თვალისთვის სასიამოვნო გადაწყვეტას წარმოგიდგენთ. გაიცანით - Fences.


კონტეინერებად დალაგებული ხატულები

Fences უმარტივესი, ერთადერთი დანიშნულების მქონე პროგრამაა: ის დესკტოპზე ქმნის ნახევრადგამჭვირვალე სათაურიან კონტეინერებს, რომლებიც გაგიადვილებთ ერთნაირი ფაილების ერთად დალაგებას. კონტეინერები სრულად მორგებადია – მათი ზომა, სათაური (უნიკოდი მხარდაჭერილია), შიგთავსი და შეფერილობა ნებისმიერ დროს, უმარტივესად შეიძლება შეიცვალოს. ახალი კონტეინერების დამატება ან არსებულის წაშლა სულ ორი წკაპით ხდება.

სრულადაა მხარდაჭერილი გადათრევა–დაგდების პრინციპები და ეს ყველაფერი ლამაზ ეფექტებშია შესრულებული. პროგრამას აქვს ერთი სასიამოვნო დეტალიც – დესკტოპის ცარიელ ადგილას ორჯერ დაწკაპუნება კონტეინერებს და მათ შიგთავსს სრულად გააქრობს. ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება ისევ ორჯერ დაწკაპუნებით შეიძლება.

ჩვენ არ მოვყვებით პროგრამის გამოყენების სრულ აღწერას გამომდინარე იქიდან, რომ ამაზე ავტორებმა უკვე იზრუნეს – Fences ყოველ ნაბიჯზე შემოგთავაზებთ დახმარების ტექსტებს, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელზეა გათვლილი. თუმცა შეიძლება ისინი საერთოდაც არ დაგჭირდეთ, რადგანა ინტერფეისი ძალიან ინტუიტიურია.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე დამატებითი სურათი და ვიდეორგოლი:

       


18:19,   domen  |  60976 ნახვა | 8 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 19.October 2009

VistaSwitcher v1.0.3


გაუმჯობესებული Alt+Tab
Windows 7–ში სტანდარტული ALT+Tab ფუნქციონალობა ახალი Aero Peek–ის წყალობით შესანიშნავად მუშაობს: ფანჯრის არჩევისას თუ კომბინაციას ხელს არ აუშვებთ, ყველა დანარჩენი ფანჯარა გამჭვირვალე გახდება და თქვენ პირდაპირ ეთერში დაინახავთ, რა ხდება სასურველ პროგრამაში. მაგრამ ეს ფუნქციონალობა არც ისე დახვეწილია Vista–ში და საერთოდ დაუხვეწავია XP–ში. ამიტომ შეიქმნა VistaSwitcher, ALT+Tab ფუნქციონალობის ჩამნაცვლებელი პროგრამა.


ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ VistaSwitcher ნამდვილად ღირსეული ალტერნატივაა: ALT+Tab კომბინაციაზე დაჭერისას თქვენ იღებთ Opera–ს ტაბებს შორის გადამრთავის (თაგვის მარჯვენა ღილაკი + სკროლი) მსგავს ფანჯარას: ნახევრადგამჭვირვალე ფანჯრის მარცხენა მხარეს ჩანს იმწამს მონიშნული პროგრამის სკრინშოტი (მხოლოდ პროგრამის ფანჯრის ან პროგრამის ფანჯრის დესკტოპის ჩათვლით), მარცხენა მხარეს კი გახსნილი პროგრამების ჩამონათვალია. სასურველ პროგრამაზე გადასვლა ჩვეულებრივად, Tab–ზე რამდენიმე დაჭერით ხდება.

უკვე საკმარისი უპირატესობაა, მაგრამ VistaSwitcher ამაზე არ ჩერდება: შესაძლებელია S ღილაკზე დაჭერით რამდენიმე პროგრამის ერთდროულად მონიშვნა (D–ზე დაჭერით შეგიძლიათ მოხსნათ მონიშვმა მონიშნულს) და შემდეგ H, C ან V ღილაკზე დაჭერა მონიშნული პროგრამების კასკადურად, ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად გამწკრივებას გამოიწვევს.


შესაძლებელია სპეციალური კლავიატურuლი კომბინაციის მეშვეობით ALT+Tab ფანჯარაში გამოჩნდეს მხოლოდ იმწამს აქტიური პროგრამის სხვა ფანჯრები (მსგავსება დგინდება პროცესის სახელით). კლავიატურული კომბინაცია პროგრამის დაყენებისას Win + F11–ია, მისი შეცვლა შეგიძლიათ ტრეიში VistaSwitcher–ის ხატულაზე მიმარჯვენაკლიკებით, პუნქტზე Preferences დაჭერით და Application Window Hotkey–ს რედაქტირებით (გირჩევთ დააყენოთ ALT+~).


მხოლოდ Windows Explorer–ის პროცესები

მრავალი მონიტორის მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ კონფიგურაციის მიხედვით ALT+Tab ფანჯარაში მიიღონ მხოლოდ აქტიურ მონიტორზე გახსნილი ფანჯრების ჩამონათვალი, იმ მონიტორზე გახსნილი პროგრამების ჩამონათვალი, სადაც იმწამს კურსორი მდებარეობს ან ფიქსურებულად რომელიმე მონიტორზე (ვთქვათ, მეორეზე) გახსნილი ფანჯრების სია.


პროგრამის კიდევ ერთი ნამდვილად აღსანიშნავი შესაძლებლობათაგანია შექმნას შავი სია პროცესის სახელზე ან ფანჯრის სათაურზე დაყრდნობით, რომელში შესული პროგრამებიც ან საერთოდ არ გამოჩნდებიან ALT+Tab ფანჯარაში, ან მათი სკრინშოტი არ გამოჩნდება.


მოკლედ, VistaSwitcher ერთ–ერთი იმ პროგრამათაგანია, რომლებიც თავიანთი კატეგორიის საუკეთესო თვისებებს აბსოლუტურად უფასოდ გვთავაზობენ. ისღაა დარჩენილი, გადმოწეროთ და გაიუმჯობესოთ კლავიატურასთან გატარებული დრო მისი საშუალებით.
21:22,   domen  |  66891 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 14.October 2009

Photojoy


როგორც აღვნიშნეთ, სურათებს ყველა ვიღებთ და ხანდახან 300–400 ცალს ერთ ჯერზე, ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუნდაც ნახევარი წლის წინ გადაღებული სურათები ისე ჩაიკარგოს, რომ შეიძლება საერთოდაც არ გაგახსენდეთ, რომ არსებობენ. ერთი კარგი გზა ამ დაკარგული სურათების დასათვალიერებლად Picasa–ა – მთელი კომპის სკანირებით, მარტივი ინტერფეისით და სახის ტეგების მხარდაჭერით ის ისეთ სურათებს გაპოვნინებთ, რომელთა არსებობაც არ გახსოვდათ, მაგრამ თუ სპეციალურად სურათების დასათვალიერებლად პიკასას გახსნის დრო არ გაქვთ, ამასობაში კი ძველი, დავიწყებული სურათებისთვის ხანდახან თვალის შევლება მაინც გინდათ, PhotoJoy თქვენთვისაა.

პროგრამას ერთადერთი დანიშნულება აქვს – ნებისმიერი საშუალებით, სამუშაოდან მოუწყვეტლად გიჩვენოთ თქვენი ფოტო–კოლექცია. ის ამას სამი გზით ახერხებს:
  • შპალერი, ანუ Wallpaper – პროგრამა შპალერად აყენებს რაიმე ნიმუშ სურათს, რომელზეც თქვენი სურათებისთვის ადგილია დატოვებული. დათქმულ დროში ერთხელ პროგრამა თქვენი ფოტო–კოლექციიდან შემთხვევითი პრინციპით ირჩევს რამდენიმე სურათს და სვამს ამ ადგილებზე. ამ გზით თქვენი დესკტოპი ყოველთვის სავსე იქნება "კარგად დავიწყებული ძველი" სურათებით.
  • გაჯეტები – პროგრამას შეუძლია თქვენი მოთხოვნისას დესკტოპზე დააგდოს გაჯეტი, რომელიც ლამაზი გადასვლის ეფექტებით გაირბენს თქვენს ფოტო–გალერეას
  • Screensaver – პროგრამის ყველაზე ძლიერი მხარე. პროგრამის ბაზაში არსებული შაბლონებიდან ერთ–ერთის არჩევის შემდეგ პროგრამა Screensaver–ის მაგივრად თქვენი ფოტოკოლექციის სლაიდშოუს მოაწყობს.
პროგრამას ასევე შეუძლია Flickr–იდან ტეგების მიხედვით წამოიღოს სურათები – ნამდვილად სასიამოვნოა Screensaver–ად მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების გადაღებული სურათების სლაიდშოუს ქონა.


Photojoy, თავისი სპეფიციკიდან გამომდინარე, გათვლილია ახალბედებზე, ასე რომ, მისი მოხმარება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.
15:16,   domen  |  64561 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 7 » ბოლო გვერდი