ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპ. ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ნეტბუქების კონცეპტი აღმოჩნდა. ეს გულისხმობს მსუბუქი, კომპაქტური და რაც მთავარია, მცირე ფასის მქონე მობილური კომპიუტერის აწყობას, რომელიც იმდენად მძლავრი იქნება, რომ თავისუფლად შეძლებთ ინტერნეტში სერფინგსა და ელ-ფოსტის შემოწმებას. ამ ბაზარზე პირველი Intel-ი შევიდა, ჯერ ულტრა დაბალი სიხშირის, ძველი Celeron პროცესორებით, შემდეგ კი სპეციალურად ნეტბუქებისთვის შემუშავებული Atom-ური პროცითა და პლატფორმით. დღეს Intel-ს ამ მზარდ ბაზარზე კვლავ დომინანტური პოზიცია უჭირავს.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ Atom პროცესორი ძალიან მცირე ელექტროენერგიას მოიხმარდა, მისი მხარდამჭერი ჩიპსეტები, იმის გამო, რომ ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით იყვნენ დამზადებულები, გაცილებით მსუნაგები იყვნენ. მაგალითად, Atom N270 პროცესორი მოიხმარს 2.5 ვატ ელ. ენერგიას, მაქსიმალური დატვირთვისას. 945GSE ჩიპსეტი 82801GBM (ICH7M) I/O კონტროლერთან ერთად კი 9.3 ვატს მოიხმარს, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება პროცესორის მოთხოვნილებებს.
ამის გამოსასწორებლად, Intel-მა მუშაობა დაიწყო მეორე თაობის Atom პლატფორმაზე, კოდური სახელით Pineview, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა. ახალ ჩიპში ინტეგრირებულია DDR2 ოპ. მეხსიერების კონტროლერი და გრაფიკული ადაპტერი, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს როგორც ენერგომოხმარება, ასევე წარმოების ხარჯებიც (საჭირო ჩიპების შემცირებული რაოდენობის გამო). დამატებითი ხარჯების შემცირება იგეგმება ახალი დიზაინის დედა დაფების გამოყენებით, რომლებიც 4 შრით დამზადდებიან - ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დედა დაფები ატომური პროცესორისთვის გაცილებით მარტივად აიწყოს. ჯამში ეს ყველაფერი ფასებზე აისახება, რაც მომხმარებლის წისქვილზე ასხამს წყალს.
დანარჩენი გაცილებით საინტერესო ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.