უკეთესის მოლოდინში...
თბილისი და საერთოდ, საქართველო რომ ტექნოგამოფენებით გათამამებული არ არის, ცნობილი ფაქტია, ამიტომ ასეთი ღონისძიებები ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ძალიან გვიხარია. შესაბამისად, სულ რაღაც 9 დღეში, 29-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში რიგით მეცხრე, ყოველწლიური (თუმცა ბოლო ორი წელია გამოფენა 2 წელიწადში ერთხელ იმართება. იგი არ ჩატარებულა 2008 წელს და ჯერჯერობით არც 2010 წლის გეგმაშია გათვალისწინებული) საერთაშორისო ტექნიკური გამოფენა - ElcomCaucasus ‘09 გაიმართება.
გამოფენა ტრადიციულად დიდუბეში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში ჩატარდება (წერეთლის 118ა). გამოფენა სამივე დღეს დილის 11 საათზე გაიხსნება და საღამოს, 18:30-ზე დაიხურება. ძირითადად, ყველაზე საინტერესო პირველი დღეა ხოლმე, ამიტომ თუ გამოფენაზე დასწრებას აპირებთ, შეეცადეთ, პირველი დღე არ გამოტოვოთ.

მე-11 პავილიონი 2007 წლის 6 ნოემბერს,
ElcomCaucasus 2007-ის გახსნის დღეს
ElcomCaucasus ‘09-ზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საოფისე და სამომხმარებლო ელექტროტექნიკა, ელექტორობის, ელგაყვანილობისა და კონტროლის სისტემები და მიღწევები.
რაც შეეხება გამოფენაზე დასწრების საფასურს - 2007 წელს იგი 2 ლარი ღირდა, თუმცა სტუდენტებისთვის უფასო იყო - ასე რომ თან იქონიეთ სტუდბილეთები. წელს ფასი შეიძლება გაიზარდოს ან პირიქით, შემცირდეს.
გამოფენაზე გელით შემდეგი თემატიკის პავილიონები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელური სისტემები, აუდიო და ვიდეო სისტემები, საბანკო დაცვის სისტემები, კავშირგაბმულობა, სარეკლამო ტექნოლოგიები, დაზგა-დანადგარები და სხვ.
გამოფენას, ცხადია, კომპინფოც დაესწრება და პირველივე დღეს, 29 ოქტომბერს შემოგთავაზებთ ElcomCaucasus ‘09-ის მიმოხილვას. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ გამოფენაზე კომპიუტერული ტექნოლოგიების უფრო ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 29-31 ოქტომბერს მე-11 პავილიონში პარალელურად იმართება გამოფენა GeoPoligraphy & Advertising, ანუ საგამოფენო სივრცე ცოტა შეზღუდული იქნება.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ElcomCaucasus 2007 და 2006-ის მიმოხილვები, რომლებსაც კომპინფოც დაესწრო:
ElcomCaucasus 2007 და ElcomCaucasus 2006