მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Youtube ფილმებსა და გადაცემებს შემოგვთავაზებს
Youtube ფილმებსა და გადაცემებს შემოგვთავაზებს

შემდგომ გასული წლის დამლევს მომხდარი პროვაიდერული ბუმისა, როცა რამდენიმე მსხვილმა პროვაიდერმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემოიყვანა საქართველოში "ევროპული ინტერნეტი" და მომხმარებელსაც საშუალება მიეცა, ცოტად თუ ბევრად მომატებული სიჩქარით ესეირნა არაქართულ საიტებზე, YouTube ჩვენშიც ძალიან პოპულარული გახდა. დღეში რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი სტუმრობს ამ რესურსს, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოს უდიდეს ვიდეოპორტალს შემოსავალი ფაქტობრივად არ მოაქვს.



ცოტა უხერხულია წელიწადში $200 მილიონს (2008 წლის მონაცემებით) "ფაქტობრივად არაფერი" ვუწოდოთ, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ Youtube მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი საიტების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს, ეს თანხა ნამდვილად სასაცილო ჩანს. არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ წელიწადს საიტს დაახლოებით $400 მილიონიან წაგებაში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ფაქტია, იუტუბს პრობლემები არ აქვს მომხმარებლების რაოდენობის მხრივ, პრობლემებია ამ რაოდენობის შემოსავალში ასახვის მხრივ. კომპანიას აქვს პოტენციალი, რომელსაც ჯერჯერობით ნაწილობრივაც კი ვერ იყენებს.

როგორც ვიცით, სერვისი 2006 წელს Google-მა შეიძინა $1.6 მილიარდად, ეს გიგანტი კი თავის ინვესტიციას და პოტენციალს წყალში არასდროს ყრის. მცდელობები შეიმჩნეოდა - ცოტა ხნის წინ დაიწყო ტექსტური რეკლამების გაშვება საიტის პლეერში, მაგრამ საქმე ამით დიდად არ გამოსწორებულა. ცოტა ხანი თითქოს არაფერი ისმოდა და ბევრმა ვარაუდიც გამოთქვა, რომ გუგლმა ხელი ჩაიქნია და სერვისის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ ახლახანს Youtube ახალი გადაწყვეტით წარსდგა ჩვენს წინაშე. გადაწყვეტით, რომელმაც ნამდვილად უნდა მოიტანოს ნამდვილი მოგება.

Youtube Shows

სანამ ამ გადაწყვეტის შინაარსზე გადავიდოდეთ, ვთქვათ, რამ გახადა სერვისი ასე პოპულარული: მთელი სათქმელი ერთი სიტყვით შეიძლება წარმოდგეს - Share. დიახ, Youtube-მა მარტივზე მარტივი გახადა საკუთარი ტელეარხის შექმნა, ბავშვების ცელქობის მილიონებისთვის გაზიარება, ვიდეო გაკვეთილების ჩატარება, ცნობილი კონცერტების და გადაცემების მოძიება თუ უბრალოდ უაზრო ვიდეო კლიპის ატვირთვა. მთელი კონტენტი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან - საკმარისია ერთ თქვენთვის საინტერესო ვიდეო კლიპს მიაკვლიოთ, სერვისი მაშინვე ათეულობით კლიპს გირჩევთ და რაც ყველაზე კარგია, მათგან ნახევარი მაინც მოგეწონებათ!

მოკლედ, Youtube-მა თავი მოუყარა მომხმარებლის მიერ შექმნილ საინტერესო (და არასაინტერესო) მასალას და კარგად დააკავშირა ისინი ერთმანეთთან, სერვისის მთელი უპირატესობა და სისუსტეც ამაში მდგომარეობს. ერთი მხრივ, მომხმარებლის შექმნილი ვიდეო მასალის ყურება ძალიან საინტერესოა და ამან Youtube მსოფლიოში მესამე ყველაზე პოპულარული საიტი გახადა, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ კონტენტზე რეკლამის დადება ცოტა რთულია, ორწუთიანი კლიპის საყურებლად წინასწარ გრძელი რეკლამის ყურებას ბევრი არ მოინდომებს (სხვათა შორის, ზუსტად ამ გზით აკეთებს ფულს - სახელს არ დავასახელებთ და - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ვიდეოპორტალი).

ასე რომ, Youtube გაფართოვდა და დღეიდან არა მხოლოდ მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალებს, არამედ ფილმებს და სატელევიზიო გადაცემებსაც შემოგვთავაზებს. მაღალი ხარისხით! რეკლამის პრობლემა აქ მოგვარებულია - საკმაოდ გრძელ გადაცემებში თავისუფლადაა შესაძლებელი 20 წამიანი რეკლამის ჩასმა, თუნდაც გადაცემის შუაში.

Youtube ამ კონტენტს ინდუსტრიის წამყვანი კომპანიებიდან (Sony, Lions Gate, MGM და ა.შ.) მიიღებს და სანაცვლოდ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს მათ გაუყოფს.

აღსანიშნავია, რომ პრემიუმ კონტენტის მომხამრებლისთვის მიწოდების დაწყება ფაქტიურად ნიშნავს მეორე ასევე დიდი (მაგრამ არა Youtube-ივით დიდი) ვიდეოპორტალის, Hulu-ს კონკურენტობას. ეს უკანასკნელი სპეციალიზირდება ზუსტად ამ ნიშაზე და საკმაოდ ძლიერი პარტნიორებიც ჰყავს (NBC, Fox და ა.შ.), ამ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ House M.D., Lost, 24, Saturday Night Live, The Office და ა.შ. (Hulu საქართველოში ცნობილი არაა, რადგან მისი ყურება მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფთ შეუძლიათ) ცხადია, რომ ის გადაცემები, რომლებიც Hulu-ზეა მისაწვდომი, Youtube-ზე არ იქნება და პირიქით. დიდი დანაკლისია, მაგრამ შეიძლება მალე სიტუაცია შეიცვალოს. დაველოდოთ.

იქამდე კი გადაათვალიერეთ ახლადგამომცხვარი Youtube Shows. ჯერჯერობით მწირი არჩევანია (ძირითადად ძველი, უცნობი ფილმები და ასევე ძველი, უკვე მოწყენილი ტელეგადაცემები), მაგრამ სიტუაცია მალე გამოსწორდება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-04-2009, 22:58:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.