Firefox 3.5 გამოვიდა!
Firefox-ის 3.5 ვერსიის იმდენი RC გამოვიდა, რომ მომხმარებელთა საზოგადოებამ წუწუნიც კი დაიწყო, ბოლო-ბოლო RC მოაშორეთო პროდუქტს. Mozilla-შიც ძალიან სწრაფად ისმინეს მომხმარებლის მოთხოვნა - Firefox 3.5 დღეს გამოვიდა და მრავალი განახლება მოიტანა, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით საინტერესოა, კიდევ უფრო ცოტა კი - უნიკალური. რევოლუციური ჯერჯერობით არაფერია. მაშ ასე, დამატებულ (საინტერესო) შესაძლებლობათა სია ასეთია: სისწრაფე! ამ კომპონენტში სიძლიერე ყველა ბრაუზერისთვის აუცილებელია და, ბუნებრივია, ყველა დიდ განახლებას ახალი სისწრაფის რეკორდები მოჰყვება. Mozilla ამტკიცებს, რომ FF 3.5 ყველაზე სწრაფი ბრაუზერია მათ შორის, რაც შეუქმნიათ და ჯავასკრიპტის 20-40-ჯერ სწრაფად დამუშავებას (!) გვპირდება. მართალია, 20-ჯერ ასწრაფების ბრაუზერს არაფერი ეტყობა, მაგრამ მცირეოდენი ასწრაფება ნამდვილად გვაქვს. Private Browsing, "დაივიწყე ეს საიტი" და უახლესი ისტორიის წაშლა. FF-მაც მიბაძა კონკურენტებს (Safari, IE) და შემოგვთავაზა Private Browsing რეჟიმი, რომლის ჩართვის შემდეგაც თქვენი ბრაუზერი არ იმახსოვრებს არაფერს, არც მონახულებულ საიტებს, არც სურათებს, არც Cookie-ბს და ა.შ. მოკლედ, Firefox-იც ჩადგა "ვა, ამით პორნოს ყურება შეიძლება" ტიპის ბრაუზერებში :-) თუმცა პატარა სიახლე აქაც გვაქვს - FF-ს შეუძლია "დაივიწყოს" ნებისმიერი საიტი, ანუ თქვენ შედიხართ ისტორიაში, ირჩევთ რომელიმე საიტს და ბრაუზერს მის დავიწყებას უბრძანებთ, ის კი წაშლის ამ საიტის ყველა გვერდს ისტორიიდან და ამ საიტიდან ჩამოტვირთულ კონტენტს (სურათები, ფლეში და ა.შ.) და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რომ ამ საიტზე საერთოდ იყავით. ჰმმ, ეს უკვე ზემოთ აღნიშნული ბრაუზერების ტიპის ცოტა განვითარებული ვარიანტია. ასევე გვაქვს ბრაუზინგის უახლესი ისტორიის, ანუ ბოლო 1, 2, 4 საათის ან მთელი დღის ისტორიის წაშლის შესაძლებლობა. დახურული ფანჯრების აღდგენა. ეს რა შესაძლებლობაა, არა? დაბრუნდით და დააკვირდით: Firefox 3.5-ს დახურული ფანჯრების აღდგენის შესაძლებლობა აქვს, ანუ შეგიძლიათ აღადგინოთ მიმდინარე სესიისას დახურული ნებისმიერი ფანჯარა მთელი მათი ტაბებით. საკმაოდ მოხერხებულია! სესიების აღდგენა. ლამის ყველა ბრაუზერს შეუძლია სესიების აღდგენა დაკრეშვის შემთხვევაში, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ Firefox 3.5-ს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს: მას დაკრეშვის მომენტში გახსნილი ყველა ფანჯრის აღდგენა შეუძლია. მათი ტაბებითურთ, რა თქმა უნდა. HTML 5: <video>. Firefox 3.5 პირველი ბრაუზერია, რომელმაც <video>-ს მხარდაჭერა დანერგა სრულ ვერსიაში. ამ ტეგის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა ყველანაირი პლაგინების (მაგალითად, ფლეშ პლეერის) გარეშე უყუროს ვიდეოკლიპებს ბრაუზერში, პლეერის გარსს ამ შემთხვევაში ბრაუზერი უზრუნველყოფს, რაც მისი მორგების საშუალებას იძლევა. შემოდით Firefox 3.5-ით და აქ სიურპრიზი დაგხვდებათ :-) მიამარჯვენაკლიკეთ სიურპრიზს და აირჩიეთ Show Controls. დანარჩენს მიხვდებით. Location Aware Browsing. ეს ტექნოლოგია ჯერ მობილებზე გავრცელდა და შემდეგ ნელ-ნელა - კომპიუტერებზე. არსი შემდეგია: უ-GPS-ო მობილებს შეუძლიათ GPS-ის სიმულირება თავიანთი IP მისამართისა და გარშემომყოფი Wi-Fi ქსელების დასახელებების მიხედვით (ანუ სერვისი ცდილობს დაადგინოს თქვენი მდებარეობა ჯერ უხეშად, ქალაქის დონეზე IP-ს მიხედვით და შემდეგ დააკონკრეტოს ის ცნობილი Wi-FI ქსელების მდებარეობის მიხედვით). მეგაპოლისებში ეს მეთოდი იმდენად ამართლებს, რომ ცდომილება სულ რამდენიმე მეტრია ხოლმე, აი ჩვენთან როგორ გაამართლებს, ვერ გეტყვით :-) ეს სერვისი ახლა Firefox-საც აქვს და შეუძლია თქვენი მიახლოებითი მდებარეობა მიაწოდოს სხვადასხვა ვებ-სერვისებს, რომლებიც მასზე დაყრდნობით უფრო კარგ მომსახურებას შემოგთავაზებენ - მაგალითად, ახლომდებარე რესტორნების ან სასტუმროების სახელები და ა.შ. ვებ-ფონტები. ამ მიმართულებითაც Firefox არა ინოვაციას აკეთებს, არამედ ეწევა კონკურენტებს - ეს შესაძლებლობა Opera-ს მე-9 ვერსიიდან აქვს. აზრი კი შემდეგია: იმისთვის, რომ საიტი მაქსიმალურად სწორად გამოჩნდეს ყველა მომხმარებელთან, დეველოპერებს უწევთ default ფონტების გამოყენება, ანუ ფონტებისა, რომლებიც გარანტირებულად არიან ყველა მომხმარებლის კომპზე (Sylfaen, Arial და ა.შ.). ტექნოლოგია ვებ-ფონტები საშუალებას იძლევა, დეველოპერმა ყოველ მომხმარებელთან ჯერ ჩატვირთოს სასურველი ფონტი და შემდეგ მისით გამოსახოს საიტზე მოთავსებული ტექსტი. ეს მხატვრული ფონტების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. და რაღა თქმა უნდა, უამრავი განახლება სტაბილურობის და დაცვის მხრივ. შეგიძლიათ ნახოთ FF 3.5-ის გასაცნობი მოკლე ოფიციალური ვიდეო:
და თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრაუზერის შესახებ? ბეჭდვითი ვერსია | 30-06-2009, 22:23:00 | domen |
|
მეჩვენება თუ ცოტა არასტაბიკლურად მუშაობს?!
სქროლს რომ ვწევ სწრაფად ჭედავს მომენტში, ლინკზე დაწკაპუნებისასაც ცოტა ფიქრობს...