მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ერთ–ერთი პირველი საქმე მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის სურათების გაზიარებაა, მაგრამ თანამედროვე სამომხმარებლო ფოტოაპარატებისთვის 7–8 მეგაპიქსელი გარჩევადობის მიღწევა და, შესაბამისად მოცულობაში მეგაბაიტზე მეტი სურათების გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს, ეს კი სურათების გადაგზავნას აძნელებს. გამოსავალი ერთია – სურათები უნდა დააპატარავოთ რომელიმე ფოტო რედაქტორში და ამ გზით შეამციროთ მოცულობაში, მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ ჯამში 300–ჯერ ან 400–ჯერ მაინც დააჩხაკუნეთ თქვენი საყვარელი ფოტოაპარატი? ყველა სურათს ხელით ხომ ვერ დააპატარავებთ?
სწორედ აქ ჩნდება აუცილებლობა, გვქონდეს რაიმე პროგრამა, რომელიც წინასწარ მითითებული პარამეტრების მიხედვით შეამცირებს თქვენს სურათებს ზომასა და მოცულობაში. მაგრამ დაფიქრდით: ხანდახან მხოლოდ დაპატარავება საკმარისი არაა, საჭიროა სურათების მობრუნება, ფერთა გამის კონტრასტის შეცვლა, გაშავთეთრება, watermark–ის დადება და ა.შ.
გთავაზობთ პროგრამას, რომელსაც ყველა ეს ღირსება გააჩნია და – ჩვენთვის ტრადიციულად – უფასოცაა. გაიცანით Image Converter Basic.
პროგრამის შესაძლებლობებში შედის სურათის დაპატარვების მძლავრი მექანიზმი: შესაძლებელია სურათების დაპატარვება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი აჭარბებენ რაღაც წინასწარ მითითებულ ზომებს, შესაძლებელია პროპორციების შენარჩუნებაც. მხარდაჭერილია სურათების სარკული მობრუნება (ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად) და გადაბრუნება ნებისმიერ კუთხით, შესაძლებელია სურათის ნეგატივად გადაკეთება ან გაშავთეთრება, RGB პალიტრაზე ფერების წაძვრა ორიგინალური მნიშვნელობიდან, ასევე შესაძლებელია კონტრასტის, ნათების და სატურაციის წაძვრა, სურათიდან მხოლოდ წინასწარ მითითებული რეგიონების დატოვება, watermark–ის დასმა, სურათის ჩარჩოში ჩასმა, ან RGB გამიდან რომელიმე ფერის მოცილება.
რაც შეეხება შენახვას, პროგრამას შეუძლია დამუშავებული სურათების იმავე საქაღალდეში ან იმავე საქაღალდეში შექმნილ ახალ საქაღალდეში ჩაყრა, სურათების სახელები აბსოლუტურად რეგულირებადია, შესაძლებელია სურათების ფორმატის შეცვლა რომელიმე წინასწარ მითითებულზე ან უცვლელად დატოვება.
სურათების გახსნისას პროგრამას შეუძლია მათი ამოღება მითითებული საქაღალდიდან და მისი ყველა ქვესაქაღალდიდან და მხარდაჭერილია ფილტრის წინასწარ დაყენება, რათა მხოლოდ სასურველ ფორმატში შენახული სურათები გაიხსნას.
რაც მთავარია – პროგრამას შეუძლია წინასწარ გიჩვენოთ, როგორი იქნება სურათი მითითებული პარამეტრებით დამუშავების შემდეგ, რაც აადვილებს ამ პარამეტრების შერჩევას.
შესაძლებელია ერთხელ არჩეული პარამეტრების შენახვაც, მომავალი მოხმარებისთვის.
პროგრამა ძალიან ინტუიტიურია და კომპიუტერთან მუშაობის სულ ოდნავი გამოცდილებაა საკმარისი მის სრულად ასათვისებლად.
რაც შეეხება ცუდ მხარეს: როგორც სახელიდან ჩანს, პროგრამას ჰყავს
უფროსი, ფასიანი ძმა და, შესაბამისად, აქვს გარკვეული შეზღუდვებიც. ს შეზღუდვები გამოიხატება ერთდროულად მხოლოდ 10 სურათის გახსნის შესაძლებლობაში და პარამეტრების შენახული სიის გახსნის შეუძლებლობაში. ამ შეზღუდვების მოხსნა 20 ევროდ შეგიძლიათ.
რამდენიმე სურათის დაპატარავება microsoft office picture manager-საც შეუძლია ყველანაირი შეზღუდვების გარეშე :)