მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Pineview Atom პროცესორები და Pine Trail ნეტბუქ პლატფორმა
Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Pineview Atom პროცესორები და Pine Trail ნეტბუქ პლატფორმა

ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპ. ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ნეტბუქების კონცეპტი აღმოჩნდა. ეს გულისხმობს მსუბუქი, კომპაქტური და რაც მთავარია, მცირე ფასის მქონე მობილური კომპიუტერის აწყობას, რომელიც იმდენად მძლავრი იქნება, რომ თავისუფლად შეძლებთ ინტერნეტში სერფინგსა და ელ-ფოსტის შემოწმებას. ამ ბაზარზე პირველი Intel-ი შევიდა, ჯერ ულტრა დაბალი სიხშირის, ძველი Celeron პროცესორებით, შემდეგ კი სპეციალურად ნეტბუქებისთვის შემუშავებული Atom-ური პროცითა და პლატფორმით. დღეს Intel-ს ამ მზარდ ბაზარზე კვლავ დომინანტური პოზიცია უჭირავს.

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ Atom პროცესორი ძალიან მცირე ელექტროენერგიას მოიხმარდა, მისი მხარდამჭერი ჩიპსეტები, იმის გამო, რომ ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით იყვნენ დამზადებულები, გაცილებით მსუნაგები იყვნენ. მაგალითად, Atom N270 პროცესორი მოიხმარს 2.5 ვატ ელ. ენერგიას, მაქსიმალური დატვირთვისას. 945GSE ჩიპსეტი 82801GBM (ICH7M) I/O კონტროლერთან ერთად კი 9.3 ვატს მოიხმარს, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება პროცესორის მოთხოვნილებებს.

ამის გამოსასწორებლად, Intel-მა მუშაობა დაიწყო მეორე თაობის Atom პლატფორმაზე, კოდური სახელით Pineview, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა. ახალ ჩიპში ინტეგრირებულია DDR2 ოპ. მეხსიერების კონტროლერი და გრაფიკული ადაპტერი, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს როგორც ენერგომოხმარება, ასევე წარმოების ხარჯებიც (საჭირო ჩიპების შემცირებული რაოდენობის გამო). დამატებითი ხარჯების შემცირება იგეგმება ახალი დიზაინის დედა დაფების გამოყენებით, რომლებიც 4 შრით დამზადდებიან - ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დედა დაფები ატომური პროცესორისთვის გაცილებით მარტივად აიწყოს. ჯამში ეს ყველაფერი ფასებზე აისახება, რაც მომხმარებლის წისქვილზე ასხამს წყალს.

დანარჩენი გაცილებით საინტერესო ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.



Intel-ი გვპირდება 20%-იან ელექტრო ენერგიის მოხმარების შემცირებას და რაც უფრო მნიშნველოვანია, 60%-იან კლებას ატომური პროცესორისთვის პეკიჯინგში (საჭირო დედა დაფა, სლოტები და ა.შ.), რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ავაწყოთ უფრო თხელი და კომპაქტური ნეტტოპები.

Intel-ის რეკომენდაციის მიხედვით, ახალ პლატფორმაზე გამოყენებულ უნდა იქნას მონიტორები, არაუმეტეს 10.2 დუიმისა. თუმცა, როგორც პრიველი Atom-ის შემთხვევაში, აქაც მწარმოებლები შემოგვთავაზებენ ნეტტოპებს უფრო დიდი ზომის მონიტორებითაც, რომელთა ზომა სავარაუდოდ 12"-ს მიაღწევს.

იმისათვის, რომ მივიღოთ Pine Trail პლატფორმა, Pineview ოჯახის პროცესორს უნდა დავუმატოთ ახალი NM10 Express ჩიპსეტი. NM10-ს აქვს რვა USB 2.0 პორტის, ორი 3 გბ/წმ-იანი SATA პორტის, ორი 32-ბიტიანი PCIe სლოტის, ოთხი PCIe ხაზისა და Intel HD Audio-ს მხარდაჭერა. ყურადღება მიაქციეთ PCIe-ის მხარდაჭერას. რეალობაში ეს ნიშნავს, რომ ახალ ატომურ პროცესორებს აქვთ PCI Express X4-ის მხარდაჭერა. ეს საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში დამატებული იქნას დისკრეტული ვიდეო დაფა! Atom-ის სისუსტე მუდამ ვიდეო აქსელერაცია იყო, არც Pineview-ა გამონაკლისი, რადგან იმავე ვიდეო ადაპტერს იყენებს, რასაც პირველი თაობის Atom-ი. PCI Express-ის მხარდაჭერა კი საშუალებას იძლევა თავი ავარიდოთ ამ პრობლემას. PCI Express-ი ასევე საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას დამოუკიდებელი ჩიპსეტები Atom პროცესორებისთვის, როგორიცაა ამჟამად NVIDIA Ion. სავსებით შესაძლებელია ბაზარზე მალე Ion 2 ვიხილოთ, რომელიც პლატფორმასთან კავშირისთვის სწორედ PCI Express ლინკს გამოიყენებს.

Intel-მა სამი ატომური პროცესორი წარმოადგინა: D510, D410 და N450. D სერიის ჩიპები განკუთვნილია ნეტტოპებისთვის (საწყისი დონის დესკტოპ კომპიუტერები), ხოლოდ N სერიის ჩიპები კი ნეტბუქებისთვის.  D510 ორბირთვიანი პროცესორია 1 მბ L2 კეშ-მეხსიერებითა და 15 ვატიანი TDP-ით (მაქს. ენერგომოხმარება - ჩიპსეტის ჩათვლით). D410 ერთბირთვიანი პროცესორია 512 კბ L2 კეშ მეხსიერებითა და 12 ვატიანი მაქს. ენერგომოხმარებით (ჩიპსეტის ჩათვლით).

N450 პროცესორი ერთბირთვიანია, ასევე 512 კბ L2 კეშით, მაგრამ მისი მაქსიმალური ენერგომოხმარება ჩიპსეტის ჩათვლით სულ რაღაც 7 ვატია. სამივე პროცესორი მუშაობს 1.66 გჰც სიხშირეზე. ფასები 4 იანვარს გაცხადდება. მაშინ როცა მზა პროდუქცია გამოჩნდება ASUS, Acer, Dell, Toshiba, Fujitsu, Lenovo, Samsung და MSI-სგან.

Atom პროცესორების შემდეგი თაობა გეგმის მიხედვით 2010 წლის ბოლოს 32 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით აიწყობა, ბაზარზე კი 2011-ის დასაწყისში გამოვლენ, ანუ ზუსტად ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება მეოთხე თაობას 22 ნმ-ზე, Intel-ის თქმით, მათ 2012 წელს ვიხილავთ.

წარმოგიდგენთ ახალი პროცესორების ტექნიკური მახასიათებლების ცხრილს:

პროცესორი სიხშირე ბირთვები / ნაკადები L2 კეში ოპ. მეხსიერება TDP
Intel Atom D510 1.66 გჰც 2 / 4 1 მბ DDR2-800 (4 გბ. მაქს.) 13 ვატი
Intel Atom D410 1.66 გჰც 1 / 2 512 კბ DDR2-800 (4 გბ. მაქს.) 10 ვატი
Intel Atom N450 1.66 გჰც 1 / 2 512 კბ DDR2-667 (2 გბ. მაქს.) 5.5 ვატი

დასასრულს, დაინტერესებულებმა შეგიძლიათ ნახოთ ახალი პლატფორმის ტესტირება AnandTech-ის ტესტ-ლაბორატორიის მიერ: Intel Atom D510: Pine Trail Boosts Performance, Cuts Power

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-12-2009, 12:04:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.