სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორები (AMD)
ისევე როგორც intel-ის შემთხვევაში, AMD-ს სჭირდებოდა ბიუჯეტური ბაზრის ათვისება. რისთვისაც იგივე მეთოდი იყო გამოყენებული, შედეგად ბაზარზე გამოჩნდა Sempron -ის პროცესორები. აღარ ვხსნი, რომ ეს პროცესორებიც AMD-ს ეკუთვნის, უბრალოდ განსხავავებული სახელი გამოიყენება იმის აღსანიშნად, რომ პროცესორი არის სუსტი და განეკუთვნება იაფიან კლასს. სამწუხაროდ კომპანია AMD თავის დროზე ძალიან გაერთო ძლიერი პროცესორებით და ბიუჯეტური ბაზარი გვიან გაახსენდა (ფსიქოლოგიური ბარიერი, იყო, აქამდე სულ ბიუჯეტურზე იჯდა და როდესაც წელში გაიმართა სიტყვა ბიუჯეტურიო ყელში ჰქონდა ამოსული, ასე რომ სანამ გონს მოეგო ძირითადად ძლიერ პროცესორებს უშვებდა), შედეგად ბიუჯეტური სეგმენტი საკმაოდ ძლიერად იყო ათვისებული intel Celeron-ის მიერ. გამოშვებული Sempron თავიდან დიდი შეძახილებით იყო მიღებული, მაგრამ როდესაც გაირკვა რომ პროცესორს არ აქვს 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა, აქვს მხოლოდ 256 კილობაიტი ქეშ მეხსიერება, რაც Celeron D-სთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია, აქვს 333 მეგაჰერციანი სისტემური სალტის მხარდაჭერა (Celeron D-ს კი 533 მეგაჰერციანი სალტის მხარდაჭერა აქვს), არის ძველ Socket 754-ზე გათვლილი (სამწუხაროდ ამ სოკეტზე დედა დაფები სულ უფრო და უფრო ცოტა გამოდის), მომხმარებელმა იგი საშინელებად შერაცხა.
მიუხედავად ამისა, პროცესორი თავის საქმეს აკეთებს ზუსტად ისევე, როგორც Celeron-ი თავის სექტორში. თუ თქვენი საქმიანობის არეალია ტექსტებზე მუშაობა, მუსიკის მოსმენა, სურათების დათვალიერება, კინოფილმების ყურება და ინტერნეტში სიარული, მაშინ ამ პროცესორზე მეტის ყიდვას ნამდვილად არ აქვს აზრი. რა თქმა უნდა, თუ თქვენ AMD-ს მომხრე ხართ (ეგრეთწოდებულ intel-ის მოყვარულს ამ პროცესორს ვერ დაანახებ). ასე რომ, გააჩნია თქვენს მოთხოვნებს. მთლიანობაში პროცესორი მშვენიერი გამოვიდა, თუმცა შედარებით ცხელია იმიტომ, რომ არ აქვს AMD Athlon 64-ისნაირი Cool'n'Quiet ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც პროცესორის უმუშევრობის შემთხვევაში ბირთვის სიხშირეს აგდებს და ენერგიას ნაკლებს ხარჯავს, შედეგად ნაკლებად ცხელდება.
მობილური პროცესორები (AMD)
intel-ის თავბრუდამხვევი შედეგები, რომელიც კონკურენტმა Intel Pentium M-ის გამოშვებით და სუპერ წარმატებული პლატფორმა Centrino-ს შექმით გამოიწვია, AMD-ს უყურადღებოდ არ დარჩენია, თუმცა იმავე სიმძლავრის და ისეთივე ნაკლებად ენერგო მოხმარების პროცესორის შექმნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. რეალურად პროცესორი AMD Turion 64 არ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი. აქ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, პირველი იყო ის, რომ შემოთავაზებული იყო არა მთლიანი ეკონომიური პლატფორმა, არამედ მხოლოდ პროცესორი, რომელიც რეალური ტესტებისას აშკარად ჩამორჩებოდა კონკურენტის პროცესორს ენერგიის ეკონომიაშიც და წარმადობაშიც, დღეს ამ კლასის პროცესორები არსებობს როგორც AMD-ს პროდუქციის მოყვარულების ალტერნატივა, მაგრამ არა Pentium M-ის სრული ჩანაცვლების ვარიანტი. ასევე ეკონომ ვარიანტად გამოშვებული იყო მობილური Mobile AMD Sempron, რომელსაც დიდი ქება-დიდება არ შეხვედრია და დღეს უბრალოდ ფაქტის სახით არსებობს.
სამწუხაროდ კომპანია AMD-ს ამჯერად პრობლემა შეექმნა არა მარტო მობილურ, არამედ სამაგიდო და სერვერულ პლატფორმებშიც. გასაგებია, რომ მთელი ძალები გადატყორცნილი იქნება სერვერული და სამაგიდო პროცესორების მოდერნიზაციაში, ნაკლებად ათვისებული მობილური ბაზარი კი სავარაუდოდ ყურადღების გარეშე დარჩება, კომპანია intel-ი კი ამ ბაზარზე საუცხოო აგრესიით მიიწევს წინ. როდესაც AMD-ს ბაზრის ეს სეგმენტი გაახსენდება, სავარაუდოდ საკმაოდ გვიანი იქნება, თუმცა ჩემგან დიდი წინასწარმეტყველი ვერ გამოვა, ამიტომ დაველოდოთ ფაქტებს.
ჯამი
საბოლოოდ ერთიანი მოკლე სიტუაცია ჩამოვაყალიბოდ:
intel-ის ბანაკში სერვერული პროცესორებია: intel itanium, intel itanium2, intel Xeon.
პროცესორები საკმაოდ ძვირია და რეალურად მართლაც სერვერისთვისაა განკუთვნილი, მათი გამოყენება სამაგიდო სისტემებში დიდ ხეირს ვერ მოგიტანთ, განსაკუთრებით თამაშებში. პროცესორები მუშაობენ 32 და 64 ბიტიან რეჟიმებშიც.
intel-ის ბანაკში სამაგიდო ძლიერი პროცესორებია: intel Pentium 4, intel Pentium D, intel Core Solo, intel Core Duo, intel Core 2 Duo.
პროცესორების ფასი მერყეობს 100$-დან 999$-მდე, არის ერთბირთვიანი და ორბირთვიანი ვერსიები, პლიუს გამოიყენება HT ტექნოლოგია, რომელიც ვირტუალურ ანუ არარსებულ დამატებით ლოგიკურ ბირთვს ქმნის. ამ კლასის პროცესორების გამოყენება შეიძლება ყველა სფეროში, როგორც ტექსტებთან სამუშაოდ, ასევე ძლიერი სათამაშო და მულტიმედია სადგურების ასაგებად. პროცესორები მუშაობენ 32 და 64 ბიტიან რეჟიმებშიც.
intel-ის ბანაკში სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორია: intel Celeron.
პროცესორის სახელი ამბობს, რომ ის იგივე Pentium-ის კლასის პროცესორია, უბრალოდ თუ თქვენი მოთხოვნები დიდი არ არის, ან ფინანსები არ გყოფნით, შეგიძლიათ შედარებით სუსტი და შეკვეცილი ვერსია შეიძინოთ. შეკვეცილია სისტემური სალტის სიხშირე, L2 ქეშ მეხსიერების რაოდენობა და არ აქვს HT ტექნოლოგიის და 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა.
intel-ის ბანაკში მობილური პროცესორებია: intel Pentium M, intel Celeron M, intel Core Solo, intel Core Duo.
პროცესორები გამოირჩევა ძალიან მცირე ენერგო მოხმარებით, ბოლო მოდელი Core Duo U2400 მაქსიმალური დატვირთვისას მოიხმარს 9 ვატ ენერგიას, ხოლო დაუტირთავ რეჟიმში მოიხმარს 1 ვატ ენერგიას, ეს Pentium D-სგან განსხვავებით ლამის 100-ჯერ ნაკლები ენერგიის მოხმარებას ნიშნავს. შესაბამისად ნოუთბუქებისთვის მშვენიერი ალტერნატივაა. მიუხედავად თავისი დაბალი სიხშირისა (1 გიგაჰერცი), მისი წარმადობა ორი ბირთვისა და ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე უტოლდება 2,4 გიგაჰერციანი Pentium 4-ის პროცესორს. კომპანია intel-ის მიერვე შემოთავაზებული პლატფორმა Centrino ამ პროცესორებთან ერთად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, დღეს მობილური პროცესორების ბაზრის უდიდესი ნაწილი (სადღაც 70-75%-ზე მეტი) სწორედ Intel-ს ეკუთვნის. ნოუთბუქის შეძენისას ნამდვილად გირჩევთ ყურადღება სწორედ ამ კლასის პროცესორებზე აგებულ ნოუთბუქებზე შეაჩეროთ. პროცესორები მუშაობენ 32 და 64 ბიტიან რეჟიმებშიც.
ახლა AMD-ს პროდუქცია დავანაწევროდ:
AMD-ის ბანაკში სერვერული პროცესორია: Opteron.
პროცესორი გამოირჩევა ძლიერი გამოთვლითი შესაძლებლობებით, აქვს 64 და 32 ბიტიანი ბრძანებების დამუშავების შესაძლებლობა, არ არის შეზღუდული მხოლოდ სერვერული სეგმენტით, უბრალოდ საკმაოდ ძვირი ღირს და ყველას არ შეუძლია გამოიყენოს სახლში, თუმცა სათამაშო და მულტიმედიური სადგურისთვის ნაკლებად გამოდგება.
AMD-ის ბანაკში სამაგიდო ძლიერი პროცესორებია: AMD Athlon 64, AMD Athlon 64 X2 Dual-Core, AMD Athlon 6x FX.
პროცესორების ფასი მერყეობს 100$-დან 1300$-მდე, სიმძლავრის მიხედვით, აქამდე ჰქონდათ მხოლოდ DDR1 მეხისერების მხრდაჭერა, მაგრამ ახალი სოკეტ AM2-ის გამოჩენასთან ერთად შესაძლებელი გახდა DDR2 მეხსიერების გამოყენება, თუმცა დაბალი ხარისხის DDR2-ის გამოყენებისას მეხსიერებასთან მიმართვა უფრო ნელია, ვიდრე ნორმალური DDR1 მეხსიერების გამოყენებისას, ასე რომ თუ AM2-ს ბუდეზე აიღებთ პროცესორს, იზრუნეთ არანაკლებ DD2 667-ის შეძენაზე. ამ კლასში არის როგორც ერთ ბირთვიანი, ასევე ორბირთვიანი პროცესორები. კონკურენტისგან განსხვავებით ორბირთვიანი X2-ები უფრო ჩქარი და გრილია, თუმცა ეს სიტუაცია intel CONROE-ს ბირთვის გამოჩენასთან ერთად შეიცვალა. სამაგიეროდ AMD-ს პროცესორებზე ამჯერად ფასი კატასტროფულად იწევს. პირველი ვარდნა იქნება აგვისტოში, ხოლო უფრო ძლიერი ვარდნა იქნება ოქტომბერში, შედეგად საკმაოდ იაფად შესაძლებელი იქნება საკმაოდ ძლიერი პროცესორის შეძენა.
AMD-ის ბანაკში სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორია: AMD Sempron.
პროცესორი განკუთვნილია იაფიანი ალტერნატივისთვის, აქვს შეზღუდვები როგორც L2 ქეშ მეხსიერების, ასევე სისტემური სალტის სიხშირის სახით. არ აქვს 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა, ასევე არ აქვს 2 არხიანი მეხსიერების მხარდაჭერის შესაძლებლობა, თუმცა AM2 სოკეტის გამოსვლასთან ერთად ეს გარემოება შეიცვალა უკეთესობისკენ. მოკლედ, თუ თქვენი საქმიანობა არ არის დღედაღამ თამაში და რენდერი, მაშინ სამუშაოდ ეს მშვენიერი ეკონომიური ალტერნატივაა.
AMD-ის ბანაკში მობილური პროცესორებია: Mobile AMD Sempron, Mobile AMD Athlon 64, AMD Turion 64 Mobile, AMD Turion 64 X2 Mobile.
პროცესორები განკუთვნილია ნაკლები ენერგიის მოხმარებისთვის და სითბოს გამოყოფისთვის, მაგრამ კონკურენტის პროდუქციას ვერ გადაუსწრო. დღეს ეს პროცესორები ბაზარზე 20-25%-ის სახით არსებობს. კონკურენციას უფრო ერთგული მომხმარებლების და ენთუზიასტი მწარმოებლების ხარჯზე უძლებს. intel-ის ახალი მობილური პროცესორის საწინააღმდეგოდ ამ პროცესორების გამოყენება შეუძლებელია, თუ ახალი Core Duo 1 ვატ ენერგიას მოიხმარს დასვენების რეჟიმში, AMD Turion 64 მოიხმარს 31 ვატ ენერგიას, აქედან დასკვნა სისტემა უფრო ნაკლებ დროს იმუშავებს აკუმულატორისგან. შეძენა შეიძლება და დასანანებელი არაფერია, უბრალოდ სუპერ-პუპერ წარმადობას ვერ მიიღებთ. ისე, ჩვენში დარჩეს და ნოუთბუქები არც თამაშებისთვისაა შექმნილი და არც 3D გრაფიკისთვის. საოფისე სამუშაოებისთვის კი საჭიროზე მეტი რესურსი გააჩნიათ და სულად არაა საჭირო კონკურენტის მოწოდებას ავყვეთ. მოკლედ, მშვენიერი არჩევანია და არაფერი დასანანებელი არ არის. თუმცა, ისეთივე სტანდარტიზირებული პლატფორმა არ არის როგორც intel-ის ბანაკში. პროცესორები მუშაობენ 32 და 64 ბიტიან რეჟიმებშიც.
ბოლოსიტყვა
სტატია ძალიან დიდი გამოვიდა, მაგრამ მგონი ყველა შესაძლებელი ასპექტი იქნა განხილული, წესით სუპერ სპეციალისტები ამ სტატიის შემხედვარე ვერ გახდებით, მაგრამ აბსოლუტური ვაკუუმიდან აუცილებლად გამოძვრებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ნიუანსი ყველა პროცესორის მიმართ ამ სტატიაში ნახსენები არ არის, სტატიაში მოყვანილია მწარმოებლების ბმულები პროცესორების შესახებ. სრულ, ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას თვითონ მწარმოებლების საიტებზე გაეცნობით. მოკლედ გისურვებთ წარმატებებს თქვენი მომავალი თანამგზავრის არჩევაში :-).
პირველი გვერდი « 3 4 5 6 ბოლო გვერდი
Intel Core Duo E7500 2.93GHz L2 Cache 3Mb ეს CPU რამდენ ბირთვიანია?