COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » პროცესორები, კლასები და მწარმოებლები

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=40&artpage=5&type=special


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
პროცესორები, კლასები და მწარმოებლები

AMD-ს პროდუქცია

დროა გადავიდეთ კომპანია  AMD-ს პროცესორებზე. იმის გამო რომ ბევრი ძირითადი პრინციპი უკვე ავხსენი, აღარ დავიწყებ მათ თავიდან განხილვას. უბრალოს სტატია ისედაც დიდი გამოვიდა და შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ ავღწერო ყველაფერი, თუმცა კომპანია AMD-ს პროდუქცია არა ნაკლებ მრავალფეროვანია და არც ნაკლები ტექნოლოგიები გამოიყენება.

მაშ ასე გვახსოვს  ძირითადი კლასები, შევუდგეთ განხილვას:

სერვერული პროცესორები - Opteron
სამაგიდო პროცესორები - AMD Athlon 64, AMD Athlon 64 X2 Dual-Core, AMD Athlon 6x FX
ბიუჯეტური პროცესორები - AMD Sempron
მობილური პროცესორები - Mobile AMD Sempron, Mobile AMD Athlon 64, AMD Turion 64 Mobile, AMD Turion 64 X2 Mobile

რა თქმა უნდა ეს არის უხეში მონახაზი, ზუსტი ჩამონათვალი და კლასიფიკაცია მსურველებს შეუძლიათ აი ამ მისამართზე

ახლა კი შევუდგეთ კლასების დეტალურ განხილვას.

სერვერული პროცესორები  (AMD)

ამ კომპანიას სერვერულ სეგმენტში მხოლოდ ერთი კლასის პროცესორი აქვს, მუშაობს ჩვეულებრივ ოპერაციულ სისტემებთან, intel Itanium-ის გან განსხვავებით აქ არანაირი სუპერ ბრძანებები არ გამოიყენება, აქვს ბევრი დადებითი მხარე. მაგალითად, პროცესორში ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი, რომელიც დედა დაფას და ჩიფსეტებს ანთავისუფლებს კონტროლების ინტეგრირების აუცილებლობისგან. შედეგად იდეაში პროცესორის განახლებისას მომხმარებელს არ უწევს ახალი მეხსიერების კონტროლერზე ფიქრი, თან ინტეგრირებული კონტროლერი შედარებით ჩქარია, ვიდრე დედა დაფაზე არსებულ, ჩიფსეტში რეალიზებული კონტროლერი.  პროცესორს სჭირდება განსხვავებული კლასის ბუდე, რომელიც 940 კონტაქტისგან შედგება. თუმცა არის მოდელები, რომლებიც 939 კონტაქტიან ბუდეში ჯდება, ეს კი სამაგიდო სისტემების ანალოგია. შედეგად ამ პროცესორის გამოყენება შეიძლება როგორც  სერვერის, ასევე  ძლიერი სამაგიდო სისტემისთვის, პროცესორს მართლაც შთამბეჭდავი სიმძლავრეები გააჩნია, რის გამოც ძალიან ძლიერი კონკურენციას უწევს intel-ის შესაბამისი კლასის პროდუქციას, ერთი პერიოდი ჰოლივუდის ბევრმა სტუდიამ სწორედ AMD-ს სერვერულ პროცესორზე შეაჩერა არჩევანი, შედეგად intel-ი სამუდამოდ გადაიკიდა, მაგრამ რას იზამ, როდესაც გინდა  წარმადობა და არა სახელი, ყიდულობ ძლიერ პროცესორებს :-). დღეს სიტუაცია ცოტათი შეიცვალა, მაგრამ აშკარად არა AMD-ს სასარგებლოდ. პროცესორები უნივერსალურია როგორც სერვერული გადაწყვეტილების, ასევე სამაგიდო სისტემებისთვის, ასე ვთქვათ გრაფიკული და სამუშაო სადგურებისთვის. 

პროცესორებს აქვთ 1 ან 2 მეგაბაიტი L2 დონის ქეშ მეხსიერება. იმის და მიხედვით, თუ რამდენი ბირთვი გამოიყენება. ასევე პროცესორს აქვს სხვადასხვა სისტემურ სალტესთან მუშაობის შესაძლებლობა. არის 800 და 1000 მეგაჰერციანი ვერსიები. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ intel-ი, რომელიც ახლა გადადის მასიურად 1066 მეგაჰერციან სისტემურ სალტეზე, AMD-მ ამ კომპონენტში კონკურენტი აშკარად დაჩაგრა. ორბირთვიანი სერვერული პროცესორის ფასი თითქმის იდენტურია სამაგიდო ორპროცესორიანი სისტემის ფასის, ასე რომ სურვილის შემთხვევაში სახლში უპრობლემოდ შეგიძლიათ საკმაოდ ძლიერი პროცესორი დაიდგათ.

სამაგიდო პროცესორები  (AMD)

თავის დროზე AMD პროდუქცია წარმადობაში მოიკოჭლებდა, ამიტომ მას უფრო ბიუჯეტური სეგმენტი ჰქონდა ათვისებული, მაგრამ როდესაც მოსისხლე კონკურენტი ბაზრის ამ სეგმენტშიც შემოიჭრა, AMD-ს სხვა გზა არ ჰქონდა და იძულებული გახდა ეფიქრა ძლიერ სეგმენტში გადასვლაზე. შედეგად მოხდა წლების მანძილზე ახალი არქიტექტურის შემუშავება, ღამეების თენება, აურაცხელი თანამშრომლის განთავისუფლება, რომ გამონთავისუფლებული თანხები კვლევაში ყოფილიყო გამოყენებული. კომპანია ლამის კვარტალს კვარტალზე წაგებით ხურავდა, მაგრამ მოახერხა და გამოუშვა სანაქებო AMD Athlon 64. ამ პროცესორში ყველაფერი იყო ჩადებული. შემთხვევით პროცესორს რომ არ გაემართლებინა, კომპანია გაბანკროტდებოდა და დღეს პროცესორების ბაზარზე ერთი ძირითადი ძვირადღირებული მონსტრი გვეყოლებოდა. საბედნიეროდ არქიტექტურამ გაამართლა, თან გაამართლა იმდენად, რომ ადრინდელი თაობის პროცესორებზე თუ კიდევ იყო კამათი, ღირდა თუ არა გადასვლა, ახალ პროცესორებს ბევრი აშკარად ალტერნატივად განიხილავდა. მოკლედ, AMD-მ მიიღო რეალურად კონკურენტუნარიანი პროცესორი, შეიჭრა მაღალი დონის პროცესორების სეგმენტში და intel-ს ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი დააკარგვინა. ახალ პროცესორში ძალიან დიდი როლი შეასრულა 64 ბიტიანი ბრძანებების არსებობამ. იმდენად ძლიერი ლეგენდები წარმოიქმნა, რომ ხალხი მამბა-ტუმბას ტომივით უყურებდა ამ 64-ს და ნერწყვებს ყლაპავდა. რეალურად არავინ იცოდა, თუ რას ნიშნავდა და რაში შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული (ამას AMD-ს დუმილიც უწყობდა ხელს, მას უბრალოდ არაფერი ჰქონდა სათქმელი:-)), მაგრამ ეს იყო ფსიქოლოგიური დარტყმა. ანუ იფიქრე ფართოდ, რაღა დროის 32 ბიტიანი პროცესორებია, აი 64 ბიტიანი და გეხსნება აურაცხელი შესაძლებლობა. რეალურად კი 64 ბიტიანი ინსტრუქციები იძლევა მხოლოდ ერთს -  უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერების აღქმის შესაძლებლობას.   

32 ბიტიან რეჟიმში პროცესორს შეუძლია 4 გიგაბაიტი ოპერატიულის ადრესაცია, ანუ მიმართვა, ხოლო 64 ბიტიან რეჟიმში ეს მოცულობა 64 გიგაბაიტამდე იზრდება. სულ ესაა, მაგრამ როდესაც არ იცი, უფრო მეტს ელი, ვერ დაიჯერებ რომ ორჯერ გაზრდილი თანრიგიანობა მხოლოდ ერთს და პრაქტიკულად არასაჭირო პლიუსს გთავაზობს (სინამდვილეში 64 გიგაბაიტ ოპერატიულს დღევანდელი 64 ბიტიანი პროცესორები აღიქვავნ, თეორიულად მათ შეუძლიათ 18 ექსაბაიტის აღქმა,  ეს კი ძალიან, ძალიან ბევრია. აქვე განვმარტავ რომ 1 ექსაბაიტი უდრის ათას ტერაბაიტს, 1 ტერაბაიტი თავის მხრივ უდრის 1000 გიგაბაიტს, ახლა შენთვითონ დათვალე რამდენია ეს :-), საქმე იმაშია რომ 64 გიგაბაიტი რეალურად არის 36 ბიტიანი რეჟიმი, დღეს უბრალოდ მეტი საჭირო არ არის სამომხმერებლო კომპიუტერებში, სხვათაშორის წარმოებაც კი ვერ ეწევა ჯერჯერობით იგივე 64 გიგაბაიტს ასე რომ თუნდაც 1 ტერაბაიტზე საუბარიც კი არ არის, 18 ექსაბაიტზე კი საერთოდ გავჩუმდეთ ის აჯობებს.).

რა თქმა უნდა ეს არავინ აინტერესებდა, უყურებდა მაგიურ ციფრ 64-ს და თავფეხიანად ახალ ტესტებში ვარდებოდა, ბევრისთვის სამწუხაროდ ტესტებმა არანაირი განსხავავება არ წარმოაჩინა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სარეკლამო კომპანია და სურვილი რაღაც ზებუნებრივისა, რომ ყველას 64 ბიტიანი პროცესორი უნდოდა. რეალურად ასეთმა პროცესორმა რომ დაამუშავოს 64 ბიტიანი ბრძანებები, საჭიროა 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი იმ დროს არ არსებობდა.  ასე თუ ისე მომუშავე 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემები მხოლოდ 2 წლის თავზე გამოჩნდა, მაგრამ მათ მასიურად დღემდე არავინ იყენებს, რადგანაც შედარებით ნელია 32 ბიტიან პროგრამებთან მუშაობისას, 64 ბიტიანი პროგრამები კი ჯერჯერობით ძალიან ცოტაა.

პროცესორს პლიუსად ეთვლება ერთი ფრიად საინტერესო შესაძლებლობა. მას შეუძლია 32 ბიტიან რეჟიმში მუშაობა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს (ანუ არსებობს შესაბამისი გარსი), გადადის 64 ბიტიან რეჟიმში. სხვათაშორის ბევრს ავიწყდება ის, რომ 64 ბიტიანი პროცესორი პირველს AMD-ს არ გამოუშვია. პირველი იყო intel itanium-ი, მაგრამ Athlon 64-ისგან განსხვავებით მას მხოლოდ 64 ბიტიან გარსში შეეძლო მუშაობა, რამაც მისი ვიწრო სპეციალიზაცია განაპირობა..

კურიოზი 64 ბიტთან იმდენად ძლიერი იყო, რომ როდესაც 1 წლის წინ კომპანია intel-მა თავის პროცესორებშიც ჩაამატა 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო რეალური 64 ბიტიანი პროცესორი, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა რეალურად 64 ბიტი რას ნიშნავდა. თბილისში intel-ის სემინარზე ერთერთი კომპანიის წამოძახილსაც კი ჰქონდა ადგილი:
-  და ეს რეალური 64 ბიტია თუ უბრალოდ წარწერისთვის გააკეთეთო.
ამასობაში intel-ის წარმომადგენელი ხსნიდა, რომ პროცესორში ჩამატებულია ახალი ინსტრუქციები და აქვს 64 გიგაბაიტი მეხსიერების აღქმის შესაძლებლობა (ისე Pentium-ის პროცესორების ახალ თაობას Presscot-ის ბირთვზე ეს შესაძლებლობა ყოველტვის ჰქონდა, აქტივირებული არ იყო, intel-მა დააგვიანა 64 ბიტიანი პროცესორის გამოსვლა და ამიტომ ვითომ და არ საჭიროების გამო არ უშვებდა შესაბამის პროცესორებს, სინამდვილეში კი ყველაფერი მზად იყო, უბრალოდ კონკურენტის სვლას რომ არ აყოლოდა დარბაისლობის თამაში გადაწყვიტა და მხოლოდ 2 წლის თავზე გააქტიურა ხსენებულ ბირთვში 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა, ზუსტად მაშინ როდესაც პირველი 64 ბიტიანი Windows-ები გამოჩნდა). მეტი რა უნდა ყოფილიყო ჩამატებული არავინ იცის, მაგრამ ინფორმაციის არ არსებობის გამო და ლეგენდების გამო ძალიან ბევრს (ბევრ წამყვან ვაი სპეციალისტსაც კი) სჯერავდა რომ 64 ბიტიანი ინსტრუქციები მხოლოდ AMD-ს პრეროგატივაა და სხვა კომპანია მას ვერ უზრუნველყოფს, ამასობაში სამომხმარებლო პროცესორებისთვის იგივე 64 ბიტიანი ინსტრუქციებით აღჭურვილი პროცესორები პირველად IBM-მა გამოუშვა, რომლებიც Apple MAC-ში გამოიყენებოდა, უბრალოდ იმის გამო, რომ მათ მსოფლიო ბაზრის მხოლოდ 2%-ი ეკავათ ამის შესახებ ბევრმა არ იცოდა.

სუპერ გარღვევა აღმოჩნდა კომპანია AMD-ს ორბირთვიანი პროცესორები. ის intel-ს ასწრებდა ახალი პროდუქციის ანონსირებას, რითაც ბაზრის დიდ ნაწილს ჩაიგდებდა ხელში, მაგრამ შეცდომა დაუშვა - ანონსირების თარიღი ადრე დაასახელა. ამით ისარგებლა intel-მა და ზუსტად 5 დღით დაასწრო. თუმცა საერთო ჯამში მაინც AMD აღმოჩნდა მოგებული. მისი პროცესორები უფრო ნაკლებად ხურდებიან და მეტი წარმადობა აქვთ  (უფროსწორედ ხურდებოდნენ. და მეტი წარმადობა ჰქონდათ. დღეს Core 2 Duo-ს პროცესორები უფრო გრილია და ჩქარია).

AMD-ს ახალ პროცესორებს გაუჩნდათ ერთი თავისებურება. მათი ბირთვის სიხშირე ვერაფრით ვერ ეწეოდა intel-ის სიხშირეს. ეს იმიტომ, რომ AMD-მ სხვა ტექნოლოგია აირჩია. არა მეგაჰერცების უზომო ზრდა, არამედ ერთ ტაქტში უფრო მეტი ამოცანის შესრულება. შედეგად უფრო დაბალი სიხშირის AMD-ს პროცესორები წარმადობით იგივე შედეგს იძლეოდნენ, რასაც მაღალი სიხშირის intel-ის პროცესორები.  იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის რაღაც პარალელი გაევლოთ და მიეხვედრებინათ, AMD იძულებული იყო ახალი ათვლის სისტემა შემოეღო, რათა მეგაჰერცებზე გადარეული მომხმარებლებისთვის თავისი პროდუქციის intel-ისთან შედარების საშუალება მიეცა. ამიტომ პროცესორების აღნიშვნა ორი მეთოდით მიმდინარეობს, ბირთვის სიხშირე  პლიუს PR რეიტინგი.

PR რეიტინგი ნიშნავს, რომ ეს პროცესორი კლასით და წარმადობით მიუხედავად თავისი ბირთვის დაბალი სიხშირისა უტოლდება intel-ის ამა და ამ სიხშირის პროცესორს. მაგალითად მოდელი AMD Athlon 64 3200+ ნიშნავს, რომ იგი წარმადობით მოგცემთ იგივე შედეგს, რასაც მოგცემდათ  3.2 გიგაჰერციანი intel Pentium 4. ოღონდ AMD-ს ბიჭებმა ცოტა გადაამეტეს :-). რეალური ტესტებისას 3200+ არ უდრის 3,2 გიგაჰერციან P4-ს, იგი უტოლდება 3,0 გიგაჰერიან P4-ს. შესაბამისად 3000+ რეალურად უტოლდება 2,8 გიგაჰერციან P4-ს თუმცა ცოტათი მასზე ჩქარია და ასე შემდეგ. 

აქ მეორე სამწუხარო ფაქტი მოხდა, AMD აქამდე თავისი PR რეიტინგით ორიენტირებული იყო intel-ის პროცესორებზე და ეს სისტემა ამართლებდა მანამდე, სანამ Intel-მა უარი არ  განაცხადა უაზროდ მეგაჰერცების ზრდაზე და  4 გიგაჰერციანი ბარიერი აღარ გადალახა. AMD-მ მიღებული რეიტინგების სისტემა ვეღარ გააჩერა და დღეს გამოდის პროცესორები რეიტინგით 4200+, 4400+, 4800+, 5000+ და ასე შემდეგ. რეალურად მომხმარებელი ვეღარ იგებს, რომელი პროცესორი რისი ექვივალენტია იმიტომ, რომ intel-ის მეგაჰერცების საზომი ერთეული 3800 მეგაჰერცზე თავდება. შემდეგ intel-ი ორ ბირთვზე და ქეშ მეხსიერების გაზრდაზე გადავიდა, საბოლოოდ კი CORE 2 DUO-ს შემთხვევაში AMD-სავით დააგდო ბირთვის სიხშირე და წარმადობა გაზარდა (ანუ ერთ ტაქტში ამოცანების დამუშავების რაოდენობა გაზარდა). დღეს გაუგებარი სიტუაციაა. Core 2 Dou, რომელსაც აქვს ნომერი Core 2 Extreme X6800 უსწრებს წარმადობით ყველაზე ჩქარ ორბირთვიან X2-საც და FX პროცესორებსაც 50-70%-ით. ამასობაში ბირთვის სიხშირე არის 2,93 მეგაჰერცი. გაუგებარი ხდება, თუ რას უტოლდება AMD-ს თუნდაც 5200+-ის პროცესორი, როდესაც იგი მინიმუმ 50%-ით აგებს 2,93 გიგაჰერვიან intel-ის პროცესორთან. AMD-ს სასწრაფოდ გადასახედი აქვს PR რეიტინგის ათვლის სისტემა.

გადავიდეთ დეტალებზე. პროცესორების დღევანდელი თაობა ძირითადად მუშაობს ორი ტიპის ბუდეზე. ესენია Socket 754 და Socket 939. თუმცა რამდენიმე დღის წინ მოხდა ახალ ბუდეზე გადასვლა რომელსაც დაერქვა AM2. სოკეტი  ითვალისწინებს 940 კონტაქტს, მაგრამ არათავსებადია ძველი სტანდარტის 940 კონტაქტიან ბუდესთან, რომელსაც იყენებს Opetereon-ის პროცესორები.  ახალი ბუდით AMD-მ თავის პროცესორებს შემატა ახალი DDR2 მეხსიერების მხარდაჭერა (თუმცა ამ მეხსიერების მხარდაჭერა intel-ის პროცესორებში 2 წელია უკვე რეალიზებულია), აქამდე მისი პროცესორები მხოლოდ DDR1 მეხსიერებასთან მუშაობდნენ.

AMD Athlon 64-ს აქვს ორი სისტემური სალტის მხარდაჭერა, ესენია 800 და 1000 მეგაჰერცი, ჩვეულებრივ ერთბირთვიან პროცესორს აქვს 512 კილობაიტი L2 ქეშ მეხსიერება (არსებობს 1 მეგაბაიტიანი L2 ქეშ მეხსიერების მქონე ერთბირთვიანი პროცესორები, მაგრამ 2 მეგაბაიტიანი ერთბირთვიანი მოდელები არ არსებობს), თუმცა მისი ნაკლებობა კომპენსირდება L1 დონის 128 კილობაიტი მეხსიერებით. ორბირთვიან პროცესორებში მეხსიერების მოცულობა თითო ბირთვზე აღწევს 1 მეგაბაიტს, საერთო ჯამში 2 მეგაბაიტი გამოდის. პროცესორები როგორც ერთ ბირთვიანი, ასევე ორ ბირთვიანი intel Conroe-ს გამოჩენამდე ლიდერის პოზიციაში იყვნენ და პრაქტიკულად ჩაგრავდნენ intel-ის ყველა შესაბამისი დონის პროცესორებს, განსაკუთრებით ეს სათამაშო სექტორს ეხებოდა (აქ გამოიყენებოდა სპეციალური ვერსიის პროცესორები FX ინდექსით), მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. ლიდერობა ისევ intel-ის ხელში გადავიდა. დროთა განმავლობაში შეიძლება სიტუაცია კვლავ შეიცვალოს, რადგან AMD მუშაობს ახალ ბირთვზე სახელად K8L. ჯერ მის შესახებ არაფერია ცნობილი გარდა AMD-ს სიტყვიერი შეპირებისა - პროცესორი ძლიერი იქნება. მანამდე კი კონკურენტულ ბრძოლაში გასაძლებად AMD მიმართავს ნაცად მეთოდს, აიაფებს პროცესორების ფასს და იძახის თუ იაფი მიჯდება, როტომ უნდა გავყიდო ძვირადო, თუმცა აქ ჩნდება სამართლიანი კითხვა, თუ იაფი უჯდებოდა პროცესორები, აქამდე რატომ ყიდიდა ძვირად? :-). 

პირველი გვერდი « 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

Intel Core Duo E7500 2.93GHz L2 Cache 3Mb ეს CPU რამდენ ბირთვიანია?
15-07-2010, 20:31:15 | systematic

მალადეც ძმაო, ბევრ რამეში გამარკვიე
15-05-2009, 01:17:47 | pinturichio

ალიან საინტერესო სტატიაა
10-03-2009, 01:45:01 | gizo82

მე ძალიან მომეწონა ეს სტატია
ეგრე გააგრძელეთ
21-11-2008, 09:18:47 | RATIAGAPO

მართლა მაგარი საიტია და ძაან კარგი განხილვებია :) ყოველ დღე 3 სტატიას მაინც ვკითხულობ ამ საიტზე ძალიან საინტერესოა და გამოსადეგარია.
20-11-2008, 18:11:43 | boombastik

მაგარიააა! ვერ შევაგნებიე ამ ხალხს რო პ5 არ არსებობს :-(
10-11-2007, 13:18:10 | shustrika

მეც ვუერთდები ყველა მომხმარებელია აზრს ამ სტატიასთან დაკავშირებით. მართლა კარგი სტატიაა ...
29-10-2007, 13:43:29 | sio777

მადლობთ, მარტო საინტერესო კი არა ძალიან საჭირო სტატიაცაა!
31-07-2007, 11:18:55 | cisamziti

მაგარი სტატიაა, გაიხარეთ.
10-05-2007, 13:49:45 | gio_88

საინტერესოა
10-01-2007, 00:25:05 | Mer1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.