ყველაფერი პორტებზე და გადამისამართებაზე
რედაქციაში სულ უფრო მეტი და მეტი წერილები მოდის ამა თუ იმ სახის დაკავშირების პრობლემაზე. ზოგიერთს სურს თავის სახლის კომპიუტერზე სათამაშო სერვერის გახსნა, ზოგს სურს FTP ან HTTP სერვერის გახსნა. ზოგიერთს ბოროტი მიზნების გამო, ან საქმიდან გამომდინარე სჭირდება კომპიუტერების დისტანციაზე მართვა, მაგრამ ყველა ამ სახის სურვილის დროს რაღაც გაუგებარი პორტების და გადამისამართების ცივი კედლები გვხვდება. სამწუხაროდ არცერთი ინტერნეტ რესურსი (არც უცხოური და არც ქართული, თუმცა ქართული რესურსები საერთოდ სულ სხვა რაღაცით არიან დაკავებული) თავის თავზე არ იღებს ამ საკითხის განხილვას. ზოგი თვლის რომ თვითონ იცის და სხვამ არ უნდა იცოდეს, ზოგი თვლის რომ ამის ახსნა ძალიან ძნელია, ზოგი კი ამხანაგის ან მეზობლის თვალში ქულას იწერს როდესაც ამბობს: მაგას რა უნდა გადამისამართება გააკეთე და მორჩაო. თუმცა რეალურად თვითონაც არ იცის რას ამბობს და მითუმეტეს როგორ უნდა განხორციელდეს ეს გადამისამართება. როგორც ვხვდები ისევ მე მომიწევს ამ ლეგენდების სამყაროში შეჭრა და მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით ყველაფრის ახსნა. მოკლედ თუ მზად ხართ და ცოდნის გაღრმავება გსურთ დროა საქმეს შევუდგეთ. საჭირო განმარტებები 1, ლოკალური ქსელი ლოკალური ქსელი შეიძლება ფორმირდებოდეს DHCP-ს მეშვეობით, ანუ ყოველი კომპიუტერი ჩართვისას სერვერის, ან სპეციალური როუტერის მეშვეობით მიმდინარე სესიისთვის საჭირო IP მისამართს იღებს ავტომატურად (იღებს პირველ გამონთავისუფლებულ IP მისამართს). არსებობს უფრო გავრცელებული და მართებული მეთოდი, როდესაც ყოველ ლოკალურ ქსელში განთავსებულ კომპიუტერს აქვს კონკრეტული IP მისამართი. ლოკალური ქსელებისთვის რეზერვირებულია კონკრეტული დიაპაზონი, რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც საკუთარი IP დიაპაზონის მოხმარებაც, მაგრამ ამ პლანეტის მომხმარებლების 90-95% მოიხმარს დიაპაზონს 192.168.x.x. x-ების ნაცვლად იწერება კონკრეტული ციფრები, მაგალითად ადრე უფრო აქტუალური იყო დიაპაზონი 192.168.0.x. ანუ პირველი კომპიუტერის ნომერი ქსელში იყო 192.168.0.1, მეორე კომპიუტერის 192.168.0.2, მესამეს ჰქონდა 192.168.0.3 და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ბოლო ციფრის ცვლილებით შეგვიძლია ქსელში გავაერთიანოთ 255 კომპიუტერი, ეს ლოკალური ქსელებისთვის ძირითადად საჭიროზე მეტია, ზოგჯერ ზედმეტად ბევრი ციფრია. შედარებით ახლახანს უფრო აქტუალური გახდა ლოკალური ქსელები დიაპაზონზე 192.168.1.x. ამ შემთხვევაში პირველი კომპიუტერის ნომერი იქნება: 192.168.1.1, მეორესი იქნება 192.168.1.2, მესამესი 192.168.1.3 და ასე შემდეგ. როგორც ხვდებით ისევ ბოლო ციფრი იცვლება და იდეაში ისევ 255 კომპიუტერის გაერთიანება შეიძლება. განსხვავება ისაა რომ შედარებით ძველი 192.168.0.x გამოიყენებოდა მაშინ როდესაც ADSL ინტერნეტი არ იყო, ხოლო ეგრეთწოდებული როუტერების გავრცელების ეპოქაში აქტუალური გახდა 192.168.1.x დიაპაზონი, ძირითადად ეს განპირობებულია იმით რომ როუტერი ქსელში როგორც კიდევ ერთი კომპიუტერი ისე ჩანს, როგორც წესი თვითონვე აქვს პირველი კომპიუტერის IP 192.168.1.1 ამიტომაც ყველა პირდაპირ ამ სტანდარტზე გადაეწყო, თუმცა ამით ქსელის იდეა დიდად არ შეცვლილა. ქსელში რამდენიმე კომპიუტერის გასაერთიანებლად ასევე საჭიროა სპეციალური აპარატები, HUB, ან SWITCH (სვიჩი უფრო სასურველია, სამწუხაროდ მისი პლიუსების აღწერას აქ ვერ მოვახერხებ). იმის და მიხედვით თუ რამდენი პორტი, ანუ შესაერთებელი აქვთ მათ, იმდენი კომპიუტერის გაერთიანება შეიძლება ერთ ქსელში, თუმცა ასევე შეიძლება პირველი და ბოლო პორტებით თვითონ ეს აპარატურებიც გადააბათ და კიდევ გააფართოვოთ მომხმარებლების დიაპაზონი. დაგვრჩა ლოკალური ქსელისთვის ორი პუნქტის ხსენება. ქსელში IP მისამართის მითითების გარდა უნდა ჩავწეროთ ქსელის ნიღაბი (მასკა - Submask Net), რომელიც უმრავლესობა შემთხვევაში არის 255.255.255.0 ეს ქსელში გაერთიანებულ კომპიუტერებს მიუთითებს რომ IP დიაპაზონი იცვლება მხოლოდ ბოლო სამი ციფრის მიხედვით ციფრი 0 კი მიუთითებს იმაზე რომ მაქსიმუმ შესაძლებელია 255 IP გამოყენება, 0-იანის ცვლილებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ რამდენი კომპიუტერი შეიძლება იყოს ქსელში. ბოლო პუნქტი კი არის Gateway, ანუ ინტერნეტში გასასვლელი კარიბჭე, როგორც წესი ინტერნეტში გამსვლელი კომპიუტერის IP არის 192.168.1.1 ან 192.168.0.1, როუტერ მოდემების გამოყენების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ყოველთვის არის 192.168.1.1. მორჩა ამით ლოკალური ქსელის განმარტება ამოიწურა. რა თქმა უნდა გაჭიმვა კონფიგურირებაზე შეიძლება კიდევ რამდენიმე გვერდი დავწეროთ, მაგრამ ეს ჩვენი დღევანდელი სტატიის ამოცანა არ არის. 2, ინტერნეტ ქსელი გარე, ანუ გლობალური ინტერნეტი, ეს არის ძირითადი ინტერნეტი. ანუ მთელი პლანეტის ინტერნეტი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს პლანეტასაც გასცდეთ, მაგრამ ეს ჯერ ოცნებებშია, თუმცა თუ მოხერხდა მთვარეზე, ან მარსზე თუნდაც ერთი ბაზის აგება, მაშინ ინტერნეტი პლანეტთაშორისი მოვლენა გახდება (მაგრამ აქ სიჩქარე, საკმაოდ საკამათო საქმე იქნება). მოკლედ გლობალური ინტერნეტის მისაღებად სხვადასხვა პროვაიდერი სხვადასხვა მეთოდებს და პარტნიორებს იყენებს შესაბამისად მას სხვადასხვა გადასახადიც აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში გარე ინტერნეტზე პროვაიდერი კარგ თანხას ხარჯავს, ამიტომ ჩვენ, თავის მთელ სიჩქარეს ვერ გვაძლევს და ჩვენს მიერ შეძენილი პაკეტის მიხედვით გვაწვდის ინტერნეტს. ჯამში შეიძლება ასე იყოს უხეში ანგარიში, პროვაიდერს აქვს 100$-ად შეძენილი 1 მეგაბიტი, ვთქვათ ყავს 8 მომხმარებელი რომლებსაც სურთ 128 კილობიტის მიღება, მაშინ იდეაში მან 100$ უნდა გაყოს 8-ზე და მიიღებს ერთი აბონენტისთვის 12,5$-ს. რა თქმა უნდა ეს გამოგინოლი ციფრებია და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. გარდა ამისა პროვაიდერმა თავისი თანხაც უნდა დაამატოს მომსახურების სახით. მოკლედ ამით ფორმირდება გარე ინტერნეტის სიჩქარე. გარდა ამისა ინტერნეტში ჩვენი კომპიუტერები ჩანს გარე ინტერნეტ IP-ით და არა შიდა ქსელის IP-ით. სწორედ აქ იბნევა ბევრი მომხმარებელი და ვერ იგებს რა ხდება მის კომპიუტერში, თითქოსდა მის კომპიუტერს აქვს, IP 192.168.1.2 მაგრამ სხვა კომპიუტერიდან, ან სამსახურიდან თავის სახლის კომპიუტერს ვერაფრის დიდებით ვერ უკავშირდება. აქ ცოტათი კიდევ მოგვიწევს ცოდნის გაღრმავება. |
|
მართლა ძალიან საინტერესო იყო