COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Zeno - რობოტუნა-ბიჭუნია

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1569


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Zeno - რობოტუნა-ბიჭუნია

ვუყურებ ამ პატარა საოცრებას და ვხვდები, რომ რევაზ ინანიშვილის ”ციყვუნია-ბიჭუნიები”(აქიდან მოდის პოსტის სათაურიც), რომლების ამბავსაც დიდი ხალისით ვკითხულობდი პატარაობისას, წარსულს ჩაბარდა. მოვიდა 21-ე საუკუნე - კომუნიკაციების და თვალისმომჭრელი ტექნოლოგიების ხანა და თან მოიტანა სიცოცხლის უცნაური, კიბერ ფორმები.

სწორედ ასეთი კიბერ ფორმების ნაირსახეობაა ამ პოსტის მთავარი თემა - დევიდ ჰანსონმა(David Hanson), ”Hanson Robotics-ის” მფლობელმა, თავისი კომპანიის ხუთწლიანი შრომის შედეგი წარმოადგინა. მართალია, ეს პატარა არსება განვითარების დონით ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ჰოლივუდის რეჟისორების ფანტაზიისგან, მაგრამ, რომ იტყვიან, "რაღაც უკვე არის" :-)



რობოტს სახელად ზენო (Zeno) ჰქვია. ეს სახელი მან შემქმნელის წლინახევრის შვილის პატივსაცემად მიიღო, თუმცაღა, მისგან განსხვავებით, ჯერ მხოლოდ თვალების ხამხამი, სახის გამომეტყველების ცვლა და მოძრავი ადამიანისთვის თვალის გაყოლება შეუძლია.

ზენო 43 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 2.7 კგ-ს იწონის. გარეგნულად ის სტანდარტული რობოტია - იმდენად მიახლოებული ადამიანის გარეგნობასთან, რამდენის შესაძლებლობასაც ჩვეულებრივი თოჯინების დამზადების ტექნოლოგია იძლევა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შემქმნელები არ ჩქარობენ მისთვის უფრო ”ადამიანური” სახის მიცემას - დევიდ ჰანსონის რწმენით, რობოტები არ უნდა იყვნენ არც მეტალის ნაჭრები და არც ადამიანების სრული ასლები. მისი განცხადებით, მათ მიერ წარმოებული რობოტები იქნებიან შუალედური რგოლი ადამიანსა და სკულპტურულ ქმნილებას შორის.

შენიშვნის ღირსი განსაკუთრებული რამ ამ მოწყობილობას ერთი აქვს - ის უტვინოა(!) და ამას შემქმნელები რევოლუციურ სიახლედ მიიჩნევენ :-) საქმე ისაა, რომ ზენო ჩართვისას უსადენო ტექნოლოგიის გამოყენებით სინქრონიზირდება კომპიუტერთან და ამ უკანასკნელზე გაშვებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით მოქმედებს. ერთი მხრივ, ეს კარგია - რობოტს საშუალება ეძლევა, არ დაიმძიმოს თავი ზედმეტი ნაწილებით და ამავდროულად გამოიყენოს დამხმარე კომპიუტერის მთელი სიმძლავრე, რაც მისთვის თითქმის განუსაზღვრელ გამოთვლით ძალას ნიშნავს(43 სანტიმეტრიანი არსებისთვის ეს ცოტა როდია!). მეორე მხრივ კი ზენო ”საქალაქო” სათამაშოა - ტყეში, ჯუნგლებში, ლაშქრობაში და აგარაკზე მისი წაღება გაგიძნელდებათ :-)

დევიდ ჰანსონის განცხადებით, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ასახულ რობოტებს გონებრივი განვითარების დონით მათი პროდუქტი 15 წელზე ადრე ვერ დაეწევა, თუმცა ზენოს სერიული წარმოება დაახლოებით 3 წელიწადში დაიწყება და ეს სიამოვნება მყიდველს 200-300 დოლარი დაუჯდება. იმ დროისთვის რობოტი უფრო ჭკვიანი იქნება, ვიდრე ახლაა.

ამ საოცრების კომერციულ პროდუქტად ქცევამდე კი Hanson Robotics ცნობილი ადამიანების თავების რობოტული ასლების წარმოებით არჩენს თავის პროექტს და დირექტორის ოჯახს. მათი ეს პროდუქცია 100 დოლარამდე ღირს. სხვათა შორის, ზუსტად ასეთ სათამაშოებზე მუშაობის გამოცდილებაა ასახული ზენოს სახის გამომეტყველების ცვლის უნარში.

ბოლოს, გთავაზობთ რობოტის სურათებს:





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-09-2007, 14:46:00 | domen
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.