Microsoft აფართოებს Win7-იდან მოცილებადი კომპონენტების ჩამონათვალს
შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ იყო შავბნელი დრო, როცა სისტემიდან უბრალო MSN Messenger-ის მოცილება ფაქტობრივად სისტემის სტაბილურობაზე უარის თქმას ნიშნავდა, სისტემის გაფუჭების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა კი IE-ს წაშლა გახლდათ. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, MSN Messenger საერთოდ Live Messenger-ად გადაკეთდა და სისტემას აღარც კი მოჰყვება, IE-ს ამოინსტალირების მცდელობა კი კატასტროფას მაინც აღარ იწვევს (თუმცა მისით მოსარგებლე პროგრამების არასწორი მუშაობის მიზეზი ხდება). სულ ახლახანს კი MS-მა გამოაცხადა, რომ Win7-ის RC საშუალებას იძლევა, თითქმის ყველა სისტემას მოყოლილი და მასთან ერთად ინტალირებული პროგრამა "გამოვრთოთ". დიახ, გამოვრთოთ და არა ამოვაინსტალიროთ. ცოტა წინწასული მომხმარებლებისთვის ცნობილია, რომ Windows-ს მრავალი სერვისი და კომპონენტი (მაგალითად IIS, MSMQ, SNMP და ა.შ.) მოჰყვება, რომლებიდანაც ზოგიერთი ახალ სისტემაზე არ არის დაყენებული, თუმცა მათი დაყენება ნებისმიერ დროს სულ რამდენიმე კლიკითაა შესაძლებელი, უბრალოდ საჭიროა რამოდენიმე ფანჯარა გავხსნათ და რამოდენიმე ჩეკბოქსი მოვნიშნოთ. საქმე ისაა, რომ ამ კომპონენტების საინსტალაციო პაკეტები სისტემაში დევს, რათა შესაძლებელი იყოს მათი ნებისმიერ მომენტში დამატებითი CD-ების გარეშე ინსტალაცია, მაგრამ ინსტალირებული არაა, რათა ჩვეულებრივ მომხმარებლებს ხელი არ შეეშალოს ან სისტემა არ დამძიმდეს გამოუყენებელი პროგრამებით. ახლა კი ზუსტად იგივე პრინციპით MS-მა შესაძლებელი გახადა ყოველდღიური პროგრამების ჩართვა-გამორთვა. როგორც Win7-ის დეველოპერების ოფიციალურ ბლოგზეა ნათქვამი, MS ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პროგრამა გახადოს გამორთვადი გამომდინარე იქიდან, რომ მათ სურთ, სისტემა მაქსიმალურად მორგებადი იყოს (ყოველ შემთხვევაში, მათთვის ეს უფრო მომგებიანია), მაგრამ არსებობს რამდენიმე პრობლემა. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ სისტემაში ბევრი კომპონენტის გამართულად მუშაობა დამოკიდებულია სხვა კომპონენტის გამართულად მუშაობაზე. ასე მაგალითად, Windows Media Center-ის სწორად მუშაობა დამოკიდებულია Windows Media Player-ის სწორად მუშაობაზე გამომდინარე იქიდან, რომ WMC იყენებს WMP-ის ბიბლიოთეკებს, ამ ბიბლიოთეკების დაზიანება კი ავტომატურად გამოიწვევს ორივე პროგრამის მუშაობის შეფერხებას. ანუ შესაძლებელია ერთი პროგრამის ამოინსტალირებამ სხვების (ან ზოგადად სისტემის) არასტაბილურად მუშაობა ან საერთოდ გაფუჭება გამოიწვიოს. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სისტემის გადაკეთება და MS, მისივე სიტყვებით, უკვე მუშაობს ამაზე. ჯერჯერობით კი გამორთვადი პროგრამების სია ასე გამოიყურება:
IE8 სიაში მოხვდა, როგორც ჩანს, MS ცდილობს არგუმენტები მოიმარაგოს EU-ს სანქციების თავიდან ასაცილებლად (იხილეთ EU მოქმედებას იწყებს). საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, დაველოდოთ ფინალს. ესეც ბმულების ნაკრები: Beta to RC Changes – Turning Windows Features On or Off @ Engineering Windows 7 Internet Explorer 8 can be removed from Windows 7 @ AeroXperience Microsoft admits users will be able to turn off IE 8 in Windows 7 @ All About Microsoft ბეჭდვითი ვერსია | 07-03-2009, 19:29:00 | domen |
|