NVIDIA GeForce GTX 275
იმის გამო, რომ AMD/ATI-მ ახალი ვიდეო დაფა, Radeon HD 4890 ბაზარზე გუშინ გამოუშვა, საპასუხოდ, კონკურენტი ვიდეო დაფის ანონსის გაკეთება NVIDIA-საც მოუწია, ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად. ახალი ვიდეო დაფა, GeForce GTX 275 დაფუძნებულია GT200 არქიტექტურაზე, აღჭურვილია 240 სტრიმ პროცესორით, რომლებიც 1404 მჰც სიხშირეზე მუშაობენ, 80 ტექსტურების გადამამუშავებელი ბლოკით, 448-ბიტიანი მეხსიერების სალტითა და 896 მბ GDDR3 მეხსიერებით. NVIDIA-მ ახალი ვიდეო დაფა GeForce GTX 260-სა და GeForce GTX 285-ს შორის განათავსა, როგორც ფასის, ასევე წარმადობის მიხედვით. GTX 275-ის გამოშვება თავდაპირველად 14 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, NVIDIA-ს კონკურენტის მიერ Radeon 4890-ის ანონსის გამო გეგმების დაჩქარება მოუწია. აღსანიშნავია, რომ Radeon HD 4890 GeForce GTX 275-ის პირდაპირი კონკურენტია და AMD/ATI-მ 50000 ცალი ვიდეო დაფა უკვე გაუშვა ბაზარზე. კონსტრასტისთვს, NVIDIA-ს მხოლოდ რამდენიმე ათასი GTX 275 აქვს ჯერჯერობით მზად. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვიდეო დაფა TSMC-ს 55 ნმ ტექნოპროცესზეა აგებული, ATI-ს ამ ტექნოპროცესთან უფრო დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, RV790 ბირთვის ზომა გაცილებით პატარაა GT200b-სთან შედარებით, რომელსაც GTX 275 იყენებს. პატარა ბირთვების დამზადება ნაკლებ ხარჯთან და ნაკლებ ტექნოლოგიურ წუნთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, მათი წარმოება უფრო ადვილად და სწრაფადაა შესაძლებელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, GTX 275-ის პირდაპირი კონკურენტი ATI-ს ბანაკიდან ახალი HD 4890-ია. ორივე ვიდეო დაფა ერთ, 249$-იან საფასო სეგმენტშია განთავსებული. NVIDIA GeForce GTX 275-სა და AMD/ATI Radeon HD 4890-ის ტესტირებების შედეგების ნახვა უკვე შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ 14 აპრილამდე GeForce GTX 275 ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით იყიდება. ახალი ვიდეო დაფის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია შესაძლებელი. თვალსაჩინოებისთვის, გზავაზობთ ATI-სა და NVIDIA-ს უახლესი ვიდეო დაფების შედარებით ცხრილს ტექნიკური მახასიათებლებითურთ:
ბეჭდვითი ვერსია | 04-04-2009, 22:45:00 | Power_VANO |
|