COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » 32 ნმ Westmere ბირთვი ბაზარზეა!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2268


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
32 ნმ Westmere ბირთვი ბაზარზეა!
32 ნმ Westmere ბირთვი ბაზარზეა!

დაპირებისამებრ, Intel-ს 32 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Westmere ოჯახის წარმომადგენლები Clarkdale და Arrandale ბირთვებზე აგებული პროცესორები ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა CES 2010-ზე უნდა წარედგინა საზოგადოებისთვის, თუმცა ლურჯმა გიგანტმა "წყალობა მოიღო" და დეტალები ახალი პროცესორების შესახებ, ფასების ჩათვლით, უკვე ცნობილია.

ახალ პროცესორებს ახალი ჩიპსეტებიც მოჰყვა, თუმცა, სამწუხაროდ არცერთ მათგანს არ გააჩნია USB 3.0-სა და SATA 6 გბ/წმ-ის მხარდაჭერა. დედა დაფების დამამზადებლებს ძველებურად დამატებითი მოწყობილობების გამოყენება მოუწევთ ამ ფუნქციების ასამუშავებლად.


მარცხნივ - ძველი. მარჯვნივ კი - ახალი :)

Westmere ოჯახი ძირითადად (6-ბირთვიანი Gulftown-ის გამოკლებით) 2-ბირთვიან პროცესორებს მოიცავს და Nehalem არქიტექტურის შემცირებული ვარიანტია. ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი პროცესორთან ერთად, ერთ კრისტალზეა მოთავსებული. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიახლე გრაფიკული პროცესორის ცენტრალური პროცესორის კრისტალზე მოთავსებაა, რაც Intel-ის ინტეგრირებულ გრაფიკულ ადაპტერს ახალ შესაძლებლობებს უხსნის და საშუალებას აძლევს, რეალური კონკურენცია გაუწიოს AMD-სა და NVIDIA-ს ანალოგიურ ადაპტერებს. ასევე, ახალი პროცესორები აღჭურვილია შიფრირების ახალი ინსტრუქციებით (AES-NI), რაც ზოგადად შიფრირება-დეშიფრირების პროცესს დააჩქარებს (ეს შეეხება Windows 7-სა და Vista-ში ინტეგრირებულ BitLocker-საც).

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ახალი პროცესორების უმეტესობა აღჭურვილია Turbo Mode-ით, რაც საშუალებას იძლევა პროცესორების სიხშირე ავტომატურად გაიზარდოს დატვირთვის მიხედვით. იგივე ეხება ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორის სიხშირესაც. ასევე, Westmere ოჯახის პროცესორების უმეტესობას აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერაც, რაც სიმძლავრის უფრო ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს.

Westmere ოჯახის პროცესორები ძირითადად მეინსტრიმ ბაზარზეა გათვლილი, მობილური ჩიპების გამოკლებით. მობილურ პლატფორმაში შესაძლებელია ATI-ს ე.წ. Switchable გრაფიკის გამოყენება, რაც საშუალებას იძლევა, მომხმარებლის სურვილისამებრ მოხდეს ინტეგრირებული ვიდეო დაფის, ან ATI-ს უფრო მძლავრი ადაპტერის გამოყენება. ახალ DirectX 11-ის მხარდამჭერ 40 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებულ მობილურ ვიდეო დაფებს AMD 7 იანვარს წარადგენს, CES 2010-ზე.


დესკტოპ ჩიპსეტები

გრაფიკული ადაპტერის პროცესორის ბირთვზე გადატანამ ინტელს საშუალება მისცა მთლიანად ამოეღო სისტემიდან ე.წ. ჩრდილოეთ ხიდის ჩიპსეტი და მისი გაგრილების სისტემის აუცილებლობა. გარდა ხარჯების შემცირებისა, ეს საშუალებას იძლევა უფრო მცირე ზომის დედა დაფების დამზადებისა, რაც მობილურ სექტორში კრიტიკულია.


მობილური ჩიპსეტები

Westmere ჩიპები მასიურად იწარმოება 2009 წლის სექტემბრიდან Intel-ის D1C და D1D ფაბრიკებში, ჰილსბოროში. როგორც მოსალოდნელია, მოთხოვნა ამ პროცესორებზე ძალიან მაღალი იქნება, თუმცა Intel-ი გვპირდება, რომ ბაზრის მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული. მასიურ გაყიდვაში ახალი პროცესორები დაახლოებით ერთ კვირაში ჩაეშვება.

რაც შეეხება ენთუზიასტებს, მათ მოცდა წლის ბოლომდე მოუწევთ, Sandy Bridge არქიტექტურისთვის. თუმცა, 2010 წლის მეორე კვარტალში Intel-ი ენთუზიასტებისთვის 6-ბირთვიან Gulftown პროცესორს გამოუშვებს, რომელიც ასევე Westmere ოჯახს მიეკუთვნება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-01-2010, 16:07:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.