რეჟისორი: ჯონათან მოსტოუ
როლებში:
არნოლდ შვარცნეგერი,
ნიკ სტოლი,
კრისტანა ლოკენი,
კლერ დეინსი
მარკ ფამილიეტი
სცენარი:
ტედი სარაფიანი
ჯონ ბრანკატო
მაიკლ ფერისი
ფილმი:
ხვალინდელი დღე არ კვდება. ალბათ სწორედ ამიტომაა, ჯონ კონორს პრობლემები, რომ არ ელევა, ვინაიდან რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მომავალი ყოველთვის იარსებებს, მომავალთან ერთად კი აჯანყებული მანქანების თავისტკივილი კონორის სახით და კონორის თავისტკივილი კიბორგების სახით. ყოველ ათ წელიწადში ერთხელ, მანქანები, მათი მთავარი საშიშროების დასასამარებლად ტერმინატორებს გზავნიან და ყოველ ათ წელიწადში ერთხელ, საშიშროების დასაცავად, ხან მამამისი, ხან კიდევ ყოფილი მადევარი იწუხებს თავს. გავიდა მორიგი ათწლეული მას შემდეგ, რაც რობერტ პატრიკი გამდნარი რკინის ლავაში ჩაიხრჩო და კომპიუტერებმა კვლავ წარმოგზავნეს თავისი “რასის” გააპგრეიდებული წარმომადგენელი კიბერნეტიკული გენიის გასანადგურებლად, ამჯერად მომხიბვლელი კრისტანა ლოკენის განსხეულებაში.
თუმცა იქ, მომავალში, არც ადამიანები სხედან გულხელდაკრეფილი. სამიზნის დასაცავად, მომავლელები, ნაცად მეთოდს _ არნოლდ შვარცნეგერს მიმართავენ. ჯონ კონორის მეორე დამცველი და ერთადერთი მეგობარი, კბილებამდე შეიარაღებული დედიკო, სამწუხაროდ, ცოცხლებში აღარ არის (ლინდა ჰამილტონი პროექტით ვერ დააინტერესეს). სამაგიეროდ, ჯონმა სხვა მეგობარი გაიჩინა, გაუგებარი პროფესიის მქონე, ჯულიეტა ყოფილი კლერ დეინსი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში უსაზმნოდ ფანტავს აქეთ-იქეთ “უზის” ტყვიებს და უაზროდ აცეცებს შიშისგან ფართოდ არდახუჭულ თვალებს. მოკლედ ომი გრძელდება. გრძელდება ჩვეული რიტმით, და... სრულიად უჩვეულო აბსურდით.
რაში მდგომარეობს აბსურდი? თუნდაც იმაში, რომ მესამე “ტერმინატორი” თავის წინამორბედს, სიუჟეტურად, შორს არ გასცილებია. მასში ზედმიწევნით ზუსტად მეორდება მეორე სერიის შინაარსი, ზოგიერთი ადგილი კი (მაგალითად, ეპიზოდი, სადაც ლოკენი უშველებელი ავტოთი საწყალ კონორს მისდევს, შვარცნეგერი კი ცდილობს მას ამაში ხელი შეუშალოს) უბრალოდ წინა ვერსიიდანაა კოპირებული. აბსურდულია თავად რობოტ-გამანდგურებლის კონსტრუქციაც: თუ გახსოვთ წინა სერიაში, ანუ წინა მოდელს, სხვა დნობად თვისებებთან ერთად შეეძლო საკუთარი ხელების ხმლებად გადაქცევა, ხოლო ჩვეულებრივი ცეცხცლსასროლი იარაღი თუ დაჭირდებოდა, მაშინ, კეთილი უნდა ენება, და ადამიანისთვის წაერთმია, ან თუნდაც მოეპარა. ახლანდელ რობოტს იარაღის პრობლემა სასაცილოდ მარტივად მოუგვარეს, მას შეუძლია საკუთარი მაჯა ლამის ნებისმიერ იარაღად გადაადნოს (ახალი რობოტიც თხევადი ლითონისგანაა დამზადებული), ყოველ შემთხვევაში ტყვიამფრქვევი და ცეცხლმტყორცნი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან გაუგებარია მომხიბვლელი კობორგი სხეულის რომელ ნაწილში ინახავს ტყვიამფრქვევის ტყვია-წამალს ან ცეცხლმტყორცნის საწვავს. აბსურდულია თუნდაც ის ადამიანური ემოციები, რომელიც შვარცნეგერის გმირმა ბოლო ათი წლის განმავლობაში შეიძინა. ის და ჯონი ისე საუბრობენ, როგორც კარგად შეხმატკბილებული მამა-შვილი ან ერთ ბირჟაზე გაზრდილი ძმაკაცები.
“ტერმინატორ 3”-ზე დიდ იმედებს ამყარებდა სტუდია “ვორნერ ბრაზერსი” მაგრამ იმედები, უმეტეს შემთხვევაში არ მართლდება. მართალია სურათმა შემოიტანა გარკვეული შემოსავალი, მაგრამ წლის საუკეთესო ბლოკბასტერად ნამდვილად ვერ გამოდგება. თანაც, გამოუჩნდა თუ არ მეტნაკლებად სერიოზული კონკურენტი, (“შპიონთა შვილები 2”) კინოგაქირავების სიაში მაშინვე რამოდენიმე პუნქტით ქვემოთ აღმოჩნდა. ფილმს ვერც ვითომდა ორიგინალურმა ნიუანსმა – ქალმა ტერმინატორმა უშველა.
ფილმში არის გარკვეული ექშენი და დრაივი, მოიძებნება ერთი ორი თავბრუდამხვევი სპეცეფექტი და სანახაობრივად საინტერესო ეპიზოდიც, მაგრამ... უყურებ ფილმს, უსმენ დიალოგებს და ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ეს ფილმი თითქოს სადღაც უკვე გინახავს, სადღაც უკვე მოგისმენია მსგავსი დიალოგები. და ფილმის, დაახლოებით მეოთხედის გასვლის შემდეგ, გიჩნდება საშინელი ნოსტალგია იმ ძველ, კემერონისეულ ტერმინატორებზე, რომლებიც თავისი ჟანრის შედევრებად თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებად მაინც შეიძლება აღიარო. მოსტოუს, ფილმის შექმნისას, ერთი პატარა, მაგრამ მთავარი ნიუანსი გამორჩა მხედველობიდან: “ტერმინატორი”, სიუჟეტურად, ერთი რიგითი, ჩვეულებრივი, ფანტასტიკური ბოევიკია და მხოლოდ კემერონისეულ რეჟისორს თუ შეეძლო მისი ხიტად გადაქცევა. მაგრამ დევიდ მოსტოუ ჯეიმს კემერონი არ არის, და ვერც “ტერმინატორს” მიუდგები ისე, როგორც “იუ-571”-ს (U-571). პირველივე სერია მოსტოუსნაირ რეჟისორს რომ დაედგა, იგი ყველანაირი ხმაურის და აღიარების გარეშე ჩაივლიდა. სიქველის გადაღებაზე არავინ იფიქრებდა.
პირველმა ორმა ფილმმა სრულებით ამოწურა მოცემული თემა, რაც ქემერონმა მშვენივრად იცოდა, ალბათ ამიტომაც იყო რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მან უარი განაცხადა ფილმის გაგრძელებაზე. აი, მოსტოუმ კი ამდენი ვერ მოტვინა. ასე რომ, პირველივე შემოთავაზებაზე დათანხმდა. მას დრამატიზმით აღსავსე “იუ-571”-ის შემდეგ განტვირთვა ესაჭიროებოდა. მაგრამ ამის ნაცვლად შექმნა ფილმი, სადაც მოთხრობილია ერთი კეთილი რობოტის ისტორია, რომელიც ჩამოდის მომავლიდან ერთი არანაკლებ კეთილი ადამიანის გადასარჩენად და საპირისპირო მისიით გამოგზავნილი თანამოძმე რობოტის გასანადგურებლად. იგი გადაარჩენს ადმიანს, გაანადგურებს რობოტს და თავის თავში რობოტისეულ ალტერ ეგოსაც იპოვის. მოკლედ “ხელოვნური ინტელექტისა”, “X-ადამიანების” და “რობოკოპის” ერთგვარი ჰიბრიდი. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ მაყურებელი ამდენი წელი “ტერმინატორის” გაგრძელებას ელოდა და არა რაღაც გაუგებარი შინაარსის და დანიშნულების ჰიბრიდს.
ამონაწერი დოსიედან:
_ ფილმის ბიუჯეტმა, ზოგიერთი მონაცემებით, 160 მლნ. დოლარი შეადგინა;
_ შვარცნეგერის ჰონონარი 30 მლნ. დოლარია;
_ თავდაპირველად “ცუდი” რობოტის როლზე ვინ დიზელის მოწვევას აპირებდნენ;
_ მესამე ნაწილის გამოსვლისთანავე, მწარმოებელ სტუდიას დაგეგმილი აქვს მეოთხე ნაწილზე დაიწყოს მუშაობა. მორიგ სერიაში სამოქმედო ასპარეზი მომავალში, ატომური ომის შემდგომ სამყაროში გაიშლება.
დათო კვაჭანტირაძე