მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » La-კულტურა
მესაფლავის თავგადასავალი
ლარა კროფტი: სიცოცხლის აკვანი

რეჟისორი: იან დე ბონი
როლებში:
ანჯელინა ჯოლი
კრის ბერი
ჟერარდ ბარტლერი
ტილ შვეიგერი
ნოა ტეილორი

ფილმი:

ოდესღაც, მსოფლიოს კომპიუტერული თამაშების პირველმა ბუმმა რომ გადაუარა, ხალხში ხმა დაირხა: კინოს დღეები დათვლილია, ვიღა წავა აწი კინოთეატრში, თუ სახლში უკეთესი გასართობი ექნებაო (ამგვარი მითქმა-მოთქმები თავის დროზე ვიდეომაგნიტაფონის გამოგონებამაც გამოიწვია).  გავიდა დრო, მაგრამ ფასეულობათა გლობალური გადაფასება არ მომხდარა: კინოთეატრები ისევ თავის ადგილზე დარჩნენ და მაყურებელიც ბლომად შერჩათ. უფრო საწინააღმდეგო რამ მოხდა, მას შემდეგ რაც კინომ ცნობილი ვირტუალური თამაშების ორგანზომილებიან სიბრტყეზე გადატანა დაიწყო, კომპიუტერულ თამაშების იმიჯს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უკეთ რომ მიხვდეთ რას ვგულისხმობ, უბრალოდ გაიხსენეთ ცნობილი “შედევრები” - გაუგებარი შინაარსის “ქუჩის მებრძოლი” (Street Fighter), აბსოლუტურად უემოციო და საშინელებათა ფილმის პირობაზე კრავივით უწყინარი “ჩასახლებული ბოროტება” (Resident Evil), საოცარად უღიმღამო “სასიკვდილო შერკინება” (Mortal Combat) და სხვ. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ჰოლივუდელ რეჟისორებს თამაშები თვალითაც არ უნახავთ და მათზე მხოლოდ გადმოცემით თუ სმენიათ. ყოველ შემთხვევაში საიმონ უესტმა პირველი კროფტის სცენარს რომ მოკიდა ხელი, დარწმუნებული ვარ, ლეგენდად ქცეული “Tomb Raider”-ი ერთხელაც არ ქონდა ნათამაშები. აბა, სხვანაირად ვერაფრით ამიხსნია ის ფაქტი, რომ უესტის “სამარხების მძარცველი” საერთოდ არ ჰგავდა თამაშს და ლარა კროფტიც, ეკრანზე, განებივრებული სექს ბომბა უფრო იყო, ვიდრე იარაღებსა და სქუთერებში კარგად გათვითცნობიერებული არქეოლოგი.

ასეა თუ ისე, ფილმმა გარკვეული შემოსავალი მოიტანა. ეს კი, ჰოლივუდში, ბევრს ნიშნავს. უფრო სწორად, იმდენს ნიშნავს რამდენსაც შემოიტანს. მოკლედ რომ გითხრათ, პროდიუსერებმა ფილმის გაგრძელება გადაწყვიტეს. თავდაპირველადი გეგმის მიხედვით, სიქველი ისევ საიმონ უესტს უნდა გადაეღო (ეტყობა პროდიუსერების ჯიბეებში ჯერ კიდევ ტრიალებდა მისი “საჰაერო ციხის” შემოსავლის სუნი). მაგრამ გაურკვევლი მიზეზით ფილმი სხვამ გადაიღო. ეს “სხვა” ყველასათვის კარგად ნაცნობი, “სიჩქარისა” და “ტორნადოს” ავტორი, იან დე ბონი გახლავთ.

უესტისგან განსხვავებით დე ბონს, როგორც ჩანს, თამაშებთან მთლად მწყრალი დამოკიდებულება არ უნდა ქონდეს, ყოველ შემთხვევაში ფილმი “სამარხების მძარცველი: სიცოცხლის აკვანი” ყველაზე მეტად წააგავს მის კომპიუტერულ ბიძაშვილს. სპეციფიური პერსონაჟები, ეგზოტიკური ადგილები, კარგი ექშენ-დრაივი და იან დე ბონის სილამაზით ცნობილი ხელწერა - ყველაფერი ეს კაცს კარგად მივიწყებულ ძველს, იმ ცნობილ “Tomb Raider”-ს მოგაგონებთ, რომლის გამოც ნახევარი თბილისი სონი ფლეისტეიშენთან ათენებდა და აღამებდა (ეს ის დროა როცა ჩვენთან და საზღვარგარეთ პირველი “Sony Playstation” ბოგინობდა), “Tomb Raider”-ს, რომლის “ჩითებს” და “კოდებს” მსოფლიოს გეიმერები მთელ ინტერში ენაგადმოგდებული ეძებდნენ, “Tomb Raider”-ს, რომელსაც იმდროინდელი ინგლისურში ჯერ არგაწაფული მოსახლეობა შინაურულად “ტომბ რაიდერს” ეძახდა და ???????????

მოკლედ, ფილმი საკმაოდ ლამაზი გამოვიდა; რა თქმა უნდა, ეს ხომ იან დე ბონია, “ტორნადოს” (Tornado) და “მოჩვენებათა სახლის” (Hounted House) ავტორი. კაცი, რომელიც ოდესღაც “ძირითადი ინსტიქტების” (Basic) ოპერატორი იყო, რეჟისორი, რომელსაც აქვს სტილის, სილამაზის (მერამდენედ ვახსენე ეს სიტყვა) და სინატიფის შეგრძნება. მაგრამ... ნატიფად გადაღებული ფილმი და კარგი ფილმი ერთიდაიგივე როდია. იან დე ბონის თითქმის ყველა ფილმი (“სიჩქარის” გამოკლებით) რამდენადაც ლამაზია, იმდენად უინტერესო და უღიმღამოა.

თუმცა “სიცოცხლის აკვანზე” უინტერესოაო ვერ იტყვი, მაგრამ ზოგჯერ ექშენი ისე ვარდება, პირველი “ტომბი” გაგახსენდება და შეიძლება ამოოხვრით ჩაილაპარაკო კიდეც: “ეჰ, მაინც არ არის ეს “ტომბ რაიდერი!”. და მართლაც ეგრეა: მიუხედავად კარგად დადგმული სცენებისა (განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ტყის ეპიზოდი, სადაც პანდორის ყუთის საძებნად მიმავალ თავგადასვლების მოყვარულებს თავს გაურკვეველი ეროვნებისა და წარმომავლობის მონსტრები ესხმიან თავს), მიუხედავად “გაზაგრული” ანჯელინა ჯოლის უსექსუალურესი ტუჩებისა, მიუხედავად ფილმში დახარჯული “N” რაოდენობის ტყვიებისა და თავბრუდამხვევი ორთაბრძოლებისა, “სიცოცხლის აკვანი” მაინც არ არის იმ, ყველასათვის საყვარელი თამაშის ეკრანიზაცია, რომელიც დღემდეც ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად ითვლება. ფილმი კარგია, მაგრამ  კარგია, როგორც ცალკე აღებული სათავგადასავლო ბოევიკი, “Tomb Raider”-ის ეკრანიზაციისთვის კი მას, ვაი რომ, ბევრი აკლია.

ამონაწერი დოსიედან:

- ფილმში ტრიუკების უმრავლესობას (ცხენზე ჯირითი, მოტორბოლა, სქუთერით სრიალი, მთასვლელობა) ანჯელინა დუბლიორის გარეშე ასრულებდა.
- უელსში ყოფნისას, ჯოლის 13 თვის გერმა სხეულის დამწვრობა მიიღო, რის გამოც გადაღებების გადადება მოუწიათ. ბიჭუნამ მკურნალობის კურსი გაიარა ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში. ექიმების ყურადღებით გულაჩვილებულმა დედიკომ, მოგვიანებით ამ კლინიკას 50 000 ფუნტი გადაურიცხა.
- იან დე ბონი ოპერატორად მუშაობდა ფილმზე “ძირითადი ინსტიქტები” (Basic).

დათო კვაჭანტირაძე

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 4


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.