რეჟისორი: ტომ შედიაკი
როლებში: ჯიმ კერი, მორგან ფრიმანი, ჯენიფერ ანისტონი
ფილმი:
ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს თუ დავუჯერებთ, ადამიანმა ღმერთი იმიტომ შექმნა, რომ ელვასა და ჭექა-ქუხილს რაციონალური ახსნა ვერ მოუძებნა. პირველყოფილებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დღევანდელ ადამიანს, უმეტეს წილად, მამაზეციერი თავისი შეცდომების გადასაბრალებლად უფრო ჭირდება. აბა, ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს, მაგალითად, მისაღები გამოცდის ვერჩაბარება, ან კაზინოში სოლიდური თანხის წაგება. ასე ცხოვრება ხომ გაცილებით მარტივია - შენ აშავებ, შეცდომას უშვებ, დაბრალებით კი ყველაფერი სხვას ბრალდება, შენ სუფთა ხარ (ყოველ შემთხვევაში საკუთარ თვალში). აი, ერთ-ერთ ასეთ “კლიაუზნიკ” მოკვდავზე მოგვითხრობს ტომ შედიაკის ახალი ნამუშევარი “ბრიუსი ყოვლისშემძლე”.
ბრიუსი ტელეჟურნალისტების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც ყველასაგან შეუმჩნეველი, მხოლოდ საეთერო დროის შესავსებად განკუთვნილი გადაცემები მიყავთ და, რომლებიც დიდ ტელეკარიერასა და საინფორმაციო გამოშვების დიქტორობაზე ოცნებობენ. მაგრამ ვერ იქნა და ცხოვრება ვერ აიწყო - ხან რომელმა ენაგაკრეფილმა დიქტორმა გადაუსწრო კარიერის კიბეზე და ხან - რომელმა. ბევრი მოინდომა, ბევრი იღლაბუცა კამერის წინ, მთელი თავისი დიქტორული ნიჭი მოიკრიბა, მაგრამ ვერა - “ვიღაც მეათეხარისხოვანი” ტელეწამყვანის ამპლუას ვერაფრით გასცდა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ბოლოს ცოლსაც წაეკინკლავა, რასაც სტანდარტული საოჯახო სკანდალი, გაბუტვა და შესასვლელი კარის მძლავრი მიჯახუნება მოჰყვა. საბოლოოდ განადგურებული ბრიუსი ხელებს ზეცისკენ აღაპყრობს და განრისხებული წამოიძახებს “Why მე, ღმერთო?”. ღმერთს, როგორც ცნობილია, არასოდეს სძინავს და ბრიუსის რეპლიკას მაშინვე გაიგონებს. გაიგონებს და უპასუხებს კიდეც. უფრო სწორად “დაუპეიჯერებს” - სამსახურის მიღება თუ გინდა ხვალ ამა და ამ ადგილას, ამა და ამ საათზე გელოდებიო. ბრიუსი მეორე დილით იმა და იმ ადგილას, ანუ ერთ ჩვეულებრივ, მიტოვებულ შენობაში გაემგზავრება. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობა კლავს, ნეტა რა სამუშაო უნდა იყოსო. ღმერთი, შავკანიანი და მეტად ექსტრაორდინალური ბაბუა მორგან ფრიმანი აღმოჩნდება (რატომ არის მაინცდამაინც შავკანიანი, გაუგებარია თუმცა “დოგმელ” ალანის მორისეტს ისევ გენიალური მორგან ფრიმანი სჯობია).
მოკლედ, “ბაბუა” ბრიუსს წინანადადებას შესთავაზებს: იყავი ცოტა ხანი ჩემს ადგილას, გამოსცადე როგორია ღმერთად ყოფნა და რამდენად ვარ მე დამნაშავე შენს წინაშე ამაზე, მერე ვოლაპარაკოთო. ამასთან, ბრიუსს ღმერთისმთელი ძალაუფლება გადაეცემა, რაშიც წყალზე სიარული და სხვა მსგავსი წვრილმანები იგულისხმება.
ღმერთკაცა ბრიუსი, შოკიდან რომ გამოვა და მომხდარის მთელ სერიოზულობას გაიაზრებს, მაშინვე მთელი თავისი შესაძლებლობების კარიერის შესაქმნელად გამოიყენებას დაიწყებს და სხვათა შორის დიდ სიმაღლეებსაც მიაღწევს. რა თქმა უნდა, ცხოვრება მეტად ადვილია იმისთვის, ვისაც ძალუძს საკუთარ ძაღლს გაზეთის კითხვა ასწავლოს. ერთადერთი დისკომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ ბრიუსმა უნდა წაიკითხოს ადამიანების მიერ ზეცაში გაგზავნილი ყოველი ლოცვა, ყოველი თხოვნა-მუდარა, ჩივილი და ა.შ. რომელიც, თურმე უფალს იმეილის სახით მისდის. სხვაფრივ კი ყველაფერი იდეალურადაა.
იდეალურადაა მანამ, სანამ ბრიუსს ერთ მშვენიერ დღეს გონება არ გაუნათდება და არ მიხვდება, რომ მსგავსი ხერხებით მიზნის მიღწევა სულიერ სიამოვნებას არ გვრის, და ყოველთვის ჯობია ცხოვრებაში გზა საკუთარი თავითა და მოხერხებულობით გაიკაფო. სხვაგვარად რომ გითხრათ “ბრიუსი ყოვლისშემძლეს” ფინალი ტიპიური ჰოლივუდური შტამპია, რომლისგანაც თავის დაღწევა ტომ შედიაკისნაირ ძლიერ რეჟისორებსაც კი უჭირთ.
ყველანაირი შტამპებისა და კლიშეების მიუხედავად, ფილმი მაინც კარგი სანახავია. მართალია იგი ძლიერ ჩამორჩება შედიაკისა და კერის წინა სურათს “მატყუარა, მატყუარა”, მაგრამ “ყოვლისშემძლეს” ყველა შანსი გააჩნია, თუნდაც მცირეხნიან ბლოკბასტერად იქცეს. ამისთვის მას საკმაო ელეგანტურობა და იუმორი გააჩნია.
ამონაწერი დოსიედან
- ფილმის გადაღებები 2002 წლის 6 აგვისტოს დაიწყო. გადაღებები, ძირითადად, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, და ნიაგარას ჩანჩქერზე მიმდინარეობდა.
- სურათის სცენარი სტუდია Universal-მა 2000 წელს შეისყიდა 1 მილიონ დოლარად. ეს იმ დროისთვის უჩვეულოდ დიდი ფასი იყო სცენარისთვის.
- თავდაპირველად ღმერთის როლზე რობერტ დე ნიროს მიწვევას აპირებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი ფრიმანზე გაკეთდა
დათო კვაჭანტირაძე