რეჟისორი: ენდრიუ ადამსონი
სცენარი: ჯო სტილმანი
პერსონაჟებს ახმოვანებენ:
მაიკ მაიერსი
ედი მერფი
კამერონ დიასი
რუპერტ ევერეტი
ანტონიო ბანდერასი
ჯული ენდრიუსი
ოგრის იდენტიფიკაცია
იცით რატომ გახდა ასეთი პოპულარული პირველი შრეკი? იმიტომ, რომ მასში, სხვა ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით ბევრი სერიოზული ხუმრობა და რეალურად არსებულ პიროვნებებზე პაროდია იყო. მოკლედ, მასში ბევრი სიახლე იყო. იცით რატომ ვერ გახდება ასე პოპულარული მეორე შრეკი? იმიტომ რომ მასში ახალი არაფერია.
თაფლობის თვიდან ახალდაბრუნებულ შრეკების ოჯახს, სიდედრ-სიმამრი თავისთან დაპატიჟებენ, შორეულ ქვეყანაში. მეფე-დედოფალი, რომლებიც პირმშვენიერ მზეთუნახავად გადაქცეული ქალიშვილისა და მისი მხსნელი მზეჭაბუკი უფლისწულის ჩამოსვლას ელოდებიან, ლამის “პარალიჩს” მიიღებენ, როცა მათი სასახლის წინ, ეტლიდან უმახინჯესი ფეონა და საზიზღარი ოგრი გადმოვლენ. იმ ფაქტს, რომ ტახტის ერთადერთმა მემკვიდრემ ოგრზე იქორწინა, ნამდვილი ოჯახური სკანდალი მოყვება. სიძე-სიმამრი აშკარა ომზე გადავლენ. მეფე ახალგამომცხვარ სიძეს სასიკვდილოდაც კი გაიმეტებს და ამ საქმისთვის ქილერს, ჩექმებიან კატას დაიქირავებს, რომელიც დავალების შესრულების ნაცვლად შრეკს დაუძმაკაცდება, რითაც ვირის ვითომდა ნაზ და მეგობრულ გულში ეგოიზმის ნამდვილ კოცონს ააგიზგიზებს. პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ნათლიფერია ერთვება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თავისი სნობი შვილის შარმინგის კოცნითა და ერთი ორი, ბალახის კომპონენტებზე დამზადებული პრეპარატების საშუალებით ფეონას “ქირურგიული ოპერაცია” გაუკეთოს, გაალამაზოს, თავის შვილზე დააქორწინოს და ამით პრინცის დედა შეიქნას. ყველაფერი ვითომ გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ მამა-მეფეში ბოლოს ადამიანური სინდისი იღვიძებს _ იგი შეეცდება წინ აღუდგეს ფერიას ბოროტ ზრახვებს.
დამერწმუნეთ, ეს ზღაპარი კი არა ნამდვილი ჰოლივუდური თრილერია.
ჩახლართული სიტუაციების მიუხედავად, პირადად მე სიუჟეტი ერთობ ძილის მომგვრელი მომეჩვენა. მართალია მასში ბევრი პატარა ამბავი ხდება, მაგრამ უმეტეს წილად ყველაფერი ერთიდაიგივე ქალაქში, ერთიდაიგივე ქუჩაზე და ერთიდაიგივე სასახლეში, პირველისგან განსხვავებით, სადაც ფილმის ნახევარს პერსონაჟები გზაში ატარებენ.. ნაცნობი პერსონაჟები ისევ შეგხვდებათ, ოღონდ ამჯერად, ზღაპრებიდან განსხვავებით უფრო კინოს გმირების იმიტაციას იხილავთ: “ადამიანი ობობა”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “ინდიანა ჯონსი”, “ზოროს ნიღაბი”... ხუმრობები არც ისე ბევრია მაგრამ ისე მოხერხებულადაა მიმობნეული მთელ ფილმში რომ გრჩება შთაბეჭდილება თითქოს ძალიან სასაცილო ფილმს უყურე, თუმცა კონკრეტულად რა იყო მასში სასაცილო, აი ამას, კი ვეღარ იხსენებ.
სულ სხვა საქმეა, მხატვრული გაფორმება, უფრო სტუდიურად რომ ვთქვათ, ფონები. პირველ სერიაშიც ყველაფერი ლამაზი იყო ირგვლივ, მაგრამ ვინაიდან პერსონაჟები უმეტესად მხოლოდ ტყე-ღრე დადიოდნენ, ამიტომ თვალს მაინც დამღლელად ეჩვენებოდა ერთფეროვანი მწვანე ხეები და ბუჩქები. ამჯერად ფილმის დიდი ნაწილი ქალაქში ვითარდება, ქალაქში, რომელიც თავისი არსით ლოს-ანჯელესის პაროდიაა.
სხვათა შორის შრეკ-2 ში დინამიურობამაც მოიმატა, აქ ნაკლები ლაპარაკი და მეტი მოქმედებაა რაც უდავოდ მისასალმებელია. პერსონაჟებიც გაცილებით უფრო ცოცხალი და ხელშესახები არიან ვიდრე წინათ. იგივე დარჩა მხოლოდ ვირი-მერფი თავისი უაზრო ყბედობით და ოგრი-მაიერსი თავისი განუმეორებელი შარმით.
მაგრამ ფილმის შემქნელებს მეორე შრეკში იმ სპეციალური ინგრედიენტის დამატება დაავიწყდათ რაც პირველს ქონდა: “შრეკმა” ყველა გააოცა იმით, რომ მასში სტუდია “დისნეის” დაცინვა იგრძნობოდა. იქაური ბოროტი მეფის სახე დისნეის სტუდიის გენერალური დირექტორიდან იყო გადახატული და მეტი არაფერი. არადა ამერიკული მულტფილმების მთავარი ქარხნის დაცინვა მანამდე არავის მოსვლია აზრად; ამ იდეამ, თავისი სიახლითა და, შეიძლება ითქვას, უცნაურობით მაყურებელზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ იდეამ, ვინაიდან თავად მულტფილმი, თავისი ფაბულითა და სტილით, იმავე დისნეის კონვეიერული მულტფილმებიდან დიდად არც განსხვავდებოდა. მეორე ნაწილში პაროდია მთლიანად ამერიკულ ბლოკბასტერებზე გადაიტანეს. მაგრამ ეს პაროდია იმდენად დაშტამპულია და უკვე იმდენჯერაა გამოყენებული სხვადასხვა მხატვრულ ფილმში რომ შრეკი-2 ფაქტიურად “შიშველი პისტოლეტის” მორიგ სულელურ სერიას დაემსგავსა; მართალია კარგი საყურებელია, მაგრამ ფილმის დასრულების მერე სერიოზული ეჭვი გიჩნდება: ხომ არ ჯობდა ბილეთში დახარჯული ფულით სადმე კაფეში ან თეატრში წავსულიყავიო.
დათო კვაჭანტირაძე