COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » La-კულტურა » რიდიკის ქრონიკები

http://www.compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=30


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » La-კულტურა
რიდიკის ქრონიკები

რეჟისორი: დევიდ ტუი
მთ. როლებში:
ვინ დიზელი
კოლმ ფეორი
ტენდი ნიუტონი
ჯუდი დენჩი

ერთ დროს დევიდ ტუის, როგორც პერსპექტიულ და ნიჭიერ რეჟისორს ისე უყურებდნენ. მასში საკმაო ენერგია და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა იგრძნობოდა. ყოველ შემთხვევაში გარშემომყოფები ასე ამბობდნენ. ერთხელ ავსტრალიაში წავიდა. ამ ქვეყნის ლანდშაფტები, ოპერატორული თუ სხვა კინომატოგრაფიული ხრიკებით უცხო პლანეტის პეიზაჟებად გადააქცია და მცირებიუჯეტიანი, ნაკლებად პროგნოზირებადი ფანტასტიკური თრილერი გადაიღო, იმდროისათვის ჯერ კიდევ უცნობი ვინ დიზელით მთავარ როლში. მცირებიუჯეტიანი იმიტომ, რომ უცნობ რეჟისორზე პროდიუსერებმა დიდი თანხის დახარჯვა ვერ გარისკეს. ასე იყო თუ ისე, ფილმი გადაიღო, დაამონტაჟა, გაახმოვანა, სახელად პორნოფილმისთვის შესაფერისი სათაური _ “შავი ხვრელი” უწოდა და გაქირავებაში გაუშვა. ფილმი ნამდვილ ბლოკბასტერად იქცა. იგი დიდი ხნით “გაეჩხირა” როგორც ჰიტ-აღლუმების პირველ ადგილზე ისე მაყურებელთა მეხსიერებაში.

წარმატებული პროექტის ავტორით ბობოლა სტუდიები დაინტერესდნენ და რეჟისორს სამსახური შესთავაზეს. ამასთან ბიუჯეტიც გაუზარდეს. დიდმა ფულმა ერთ დროს უპრეტენზიო რეჟისორი ამბიციურ მაესტროდ გადააქცია... ყოველ შემთხვევაში მისი მორიგი ნამუშევარი _ “რიდიკის ქრონიკები” სწორედ ასეთი გამოვიდა: ამბიციური და მდიდრული.

აქა ამბავი რიდიკისა, ფურიელი მოყმისა

ფილმი მდიდრული გამოვიდა ბევრნაირი გაგებით, პირველ რიგში კი სპეცეფექტებით. აქ დიდი თუ მცირე სპეცეფექტი ლამის ყოველ კადრშია ჩატენილი. ვგონებ ტუიმ მთელი თავისი ფანტაზია ამ ერთ ფილმზე დახარჯა (საინტერესოა რაღას იზამს შემდეგ ფილმზე). ბევრია მასიური სცენებიც. უცნაურ, 70-იანი წლების ფანტასტიკებიდან “გადმოკალკილ” რკინის ფორმებში გადაცმული სტატისტები თითქმის მთელ ფილმის მანძილზე დაბოდიალობენ მთავარი პერსონაჟების ზურგს უკან. ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, რომ ფილმის შემქმნელებმა ფული არაფერში დაიშურეს: არც კომპიუტერულ ანიმაციაში და არც ციხის კედელზე მიმაგრებულ თერმომეტრში. ფილმში ასევე ბევრია ექშენიც, აქ სულ ვიღაცა ვიღაცას მისდევს, ვიღაცას ესვრიან ან კეტჩის ილეთებით უსწორდებიან. და რაღა თქმა უნდა აქვეა დიზელიც, თვით ვინ დიზელი _ კუნთებამობურცული სუპერგმირი, რომელიც არც წყალში იძირება და არც ცეცხლში იწვის (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით). მოკლედ “რიდიკში” ყველაფერი ბლომადაა. მხოლოდ ერთადერთი რამ აკლია, ერთი მოცუცქნული დეტალი _ ინტერესი.

პირველ რიგში უინტერესოა თვით სიუჟეტი. მთელი ამ ძვირფასი ეფექტებისა და რთული ტრიუკების უკან აბსოლუტურად ცარიელი და უემოციო ამბავი იმალება: ნეკრომანგერების (არის ასეთი რასაა, მას ნეკრომანგერები ჰქვია) ლიდერი ლორდი მარშალი ანდერვერსის კარებამდე (აი, ეს კი რა არის, ვერ გავიგე) მარტო მივიდა, ფეხით და ამის გამო რაღაც ზებუნებრივი ძალით დაჯილდოვდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მთელი გალაქტიკა დაიპყროს, ვინც დაემორჩილება დაიმონოს, ხოლო ურჩები გაანადგუროს. რომელიღაც გაუგებარი წარმოშობის თქმულების მიხედვით, ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია ფურიელი მეომარია. ლორდ მარშალს ნაწილობრივ გაუმართლა _ ფურიელიები თითქმის მთლიანად განადგურდნენ. მხოლოდ ერთი დარჩა _ რიდიკი (ვინ დიზელი). მისი განადგურება კი არც ისე ადვილი გამოდგა, როგორც ეს მარშალს ეგონა.

აი ეს არის მთელი ისტორია. დამეთანხმებით ალბათ, ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. თვითონ მთავარი პერსონაჟის ქცევები, ფრაზები, გამოხედვები და მიმიკებიც ფაქტიურად ძველი, უკვე ვადაგასული ბოევიკებიდანაა გადმოღებული. ეტყობა დაავიწყდათ ტუისთვის ეთქვათ, რომ ტყვიამიუკარებელი გმირები და “I’ll be back”-ისნაირი ფრაზები უკვე კარგა ხანია მოდაში აღარ არის.

თუმცა ტუიზე, როგორც ჩანს, ბოევიკების გარდა სხვა ხმაურიანმა ფილმებმაც იმოქმედეს. მათ შორის უდავოდ იქნებოდა “ვარსკვლავების ომებიც”. ამის დასტურია მთელი გალაქტიკის დაპყრობამანიით დაავადებული ნაცია (ოღონდ “ომებში” სამყაროს ვაჭრები იპყრობდნენ) თავისი ნახევრად ადამიან ნახევრად რაღაც გაუგებარი ლორდ-ვეიდერით. ლუკასს ჯარისკაცებად რობოტები ჰყავდა, ტუის მათ მაგივრობას რობოტებთან მიმსგავსებული ადამიანები უწევენ. სხვა ფილმებთან მსგავსება ამით არ ამოიწურება, მაგრამ მათ ჩამოთვლას, მგონი, არავითარი აზრი არ აქვს.

მართალი რომ გითხრათ არც ასეთი ფილმების გადაღებას აქვს რაიმე აზრი. მათ შემდეგ არანაირი, თუნდაც მცირედი დოზით მიღებული სიამოვნების შეგრძნებაც კი არ გრჩება. ტუის, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ თუ სურათში ბევრი სპეცეფექტი იქნება და მთავარი პერსონაჟი შვარცნეგერს დაემსგავსება, ეს საკმარისია კარგი ფილმის შესაქმნელად.

სუსტი გამოდგა კასტინგიც. კოლმ ფეორის ცივსისხლიანი მტარვალის ამპლუა არ მოუხდა. ხოლო სცენა, სადაც იგი ვინ დიზელს ებრძოლება, ცუდად დადგმულ კეტჩის მატჩს დაემსგავსა. ტენდი ნიუტონი, ისევე როგორც მისი პერსონაჟი, საერთოდ უადგილო და უმიზნო აღმოჩნდა. ფილმი ისე ჩამთავრდა, რომ ვერ გავიგე ამ გმირის ვერც დანიშნულება და ვერც აზრი. ჯუდი დენჩი აქაც ისეთივეა როგორც ბონდიანაში, მოკლედ რა “ემიც” იყო ის “ემი” დარჩა. სხვა პერსონაჟები მოსახსენიებლადაც არ ღირს.

დიალოგები ცალკე საუბრის თემაა. ასეთი პრიმიტიული საუბრები და, მაპატიეთ უხეშობისთვის, იდიოტური ფრაზები მეორე “რემბოს” მერე აღარ მომისმენია. ყველაზე მეტად ორი მომენტი დამამახსოვრდა: ერთი ფილმის დასაწყისში, როცა დიქტორი ნეკრომანგერების ისტორიას გვიყვება და აუღელვებლად დასძენს: “თუ თქვენ ნეკრომანგერების მხარეზე არ გადახვალთ, მაშინ თქვენ მოკვდებით” და მეორე ციხეში, როცა დიზელს ერთ-ერთი ტუსაღი ეუბნება: “აქედან ჯერ არავინ გაქცეულა”, რაზეც რიდიკის ნაცვლად მისი ყოფილი შეყვარებული კირა პასუხობს: “ის სხვებს არ გავს”. აღარაფერს არ ვამბობ ისეთ გადაღეჭილ-გადაჭეჭყილ ფრაზებზე როგორიცაა, მაგალითად: “შენ ორი შეცდომა დაუშვი, ერთერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი მოკვლა გადაწყვიტე”...

“რიდიკის ქრონიკები” “შავი ხვრელის” გაგრეძელება გახლავთ. რატომ დაარქვეს ფილმს პირველი ნაწილისგან აბსოლუტურად განსხვავებული სათაური გაუგებარია. სამაგიეროდ გასაგებია ის, რომ “რიდიკი” “ხვრელისგან” მარტო სათაურით არ განსხვადება: ესთეტიურად დახვეწილი, გაწონასწორებული, უზომოდ საინტერესო, ჩამთრევი და რა ვიცი კიდევ როგორი თრილერი “შავი ხვრელი” სულ სხვაა და უნიჭო, უინტერესო, ულამაზო და უთავბოლო “რიდიკის ქრონიკები” კი _ სულ სხვა. ტუიმ, ჩემის აზრით, პირველი ფილმიდან მეორემდე დაკარგა ის მთავარი, რამაც თავის დროზე “შავი ხვრელი” სტანდარტული ფანტასტიკური ბლოკბასტერებიდან გამოარჩია, კერძოდ ის ფარული მისტიციზმი, რაც მთელ ფილმს თან გასდევდა: მისტიური გარემო, სადაც მუდამ ღამე და სიბნელე სუფევდა, დამაინტრიგებელი ისტორია, საინტერესო პერსონაჟები და “სიმპათიური” მფრინავი მონსტრები. თითქმის დაუჯერებელია, რომ ასეთი კარგი ფილმი ასე იაფად (23 მილიონად) გადაიღეს. ბევრმა ფულმა კი ტუი, როგორც რეჟისორი, “გააფუჭა”. მან გადაწყვიტა, რომ რაც უფრო დიდ თანხას დახარჯავდა მით უფრო სანახაობრივ ბლოკბასტერს შექმნიდა, რაც მართებული პოლიტიკა ნამდვილად არ არის. საბოლოო ჯამში, პროდუქტი, იმ მდიდარი კაცის სახლს დაემსგავსა, რომელსაც ბევრი ფული და მწირი გემოვნება აქვს და რომელშიც ძვირფასი ნივთები უნიჭოდ არის დახორხლილი. ისე, უბრალოდ, თვლის მოსაჭრელად. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ტუის ფილმში თვალისმომჭრელიც კი არაფერია.

დათო კვაჭანტირაძე

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები





კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.