ElcomCaucasus 2007 - იმედგაცრუება სწრაფად, იაფად და ხარისხიანად
იმედგაცრუება ზოგისთვის უფასოც იყო...2007 წლის 6 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში გაიხსნა ”ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიისა და ტელეკომუნიკაციის მე-8 საერთაშორისო გამოფენა” ElcomCaucasus 2007. ასეთი ღონისძიებები, სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათია, ამიტომ ასეთი გამოფენებისადმი კომპიუტერული განხრის მომხმარებლებისა და კომპიუტერული ფირმების ინტერესი დიდია. გამონაკლისი არც წლევანდელი გამოფენა ყოფილა (თუ იყო?). გამოფენა ყოველწლიურია, მაგრამ განსხვავება, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად არის. წლევანდელი ElcomCaucasus-იც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერით ჩატარდა. ბილეთის ფასი შარშანდელის მსგავსად, 2 ლარის ზღვარზე გაჩერდა, თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ, სიახლეში ვივარაუდეთ, სტუდენტებისთვის გამოფენაზე შესვლა უფასო აღმოჩნდა (სტატიის სათაურს შეხედეთ, მეორე ხაზს), მხოლოდ სტუდბილეთის წარდგენა იყო საჭირო. მიუხედავად ბილეთის მიზერული ფასისა, აღსანიშნავია, რომ ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯია გამოფენის ორგანიზატორების მხრიდან. ახალგაზრდებსთვის ხელშეწყობა ცუდი არასდროსაა.
გამოფენა (Let the Disappointment Begin!..) ElcomCaucasus 2007-ის გახსნას სხვადასხვა მიზეზების გამო კომპინფოს არცერთი თანამშრომელი არ დასწრებია, თუმცა, ჩვენი პირველი წარმომადგენელი გამოფენაზე 12 საათზე მივიდა. ვაპირებდით, გახსნის ცერემონიალის დეტალების გარკვევასაც, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეთ (მიზეზს მალე გაიგებთ).
გამოფენის დათვალიერებისას ერთ სიურპრიზს წავაწყდით: აღმოჩნდა, რომ ElcomCaucasus 2007-ში მონაწილეობას იღებდა კომპანია UltraTechnics, SonyEricsson-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ UltraTechnics-ი საგამოფენო ბუკლეტში საერთოდ არაა მოხსენიებული. მის ადგილას, წესით კომპანია Vika უნდა ყოფილიყო. ”ულტრატექნიკსის” სტენდი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. პირველ დღეს შესაძლებელი იყო სონიერიქსონის უახლესი ტელეფონის K850-ის მუშა მდგომარეობაში ნახვა და გასინჯვა (ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიის სტენდთან მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომელი აღნიშნული ტელეფონის მეპატრონე იყო. მეორე დღეს მის მაგივრად სხვა მუშაობდა, შესაბამისად K850-ს ვეღარ გაუსინჯავდით გემოს).
ისევე როგორც შარშან, წელსაც გამოფენაში მონაწილეობას იღებდა ჯგუფი INFOZAVRI, რომელიც კომპანია Fargo-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. წარმოდგენილი აპარატურა შეადგენდა პლასტიკური ბარათების საბეჭდ და წამკითხავ მოწყობილობებს და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფირმის სტენდი 2006 წელს უფრო ეფექტური იყო. წელს არც Fargo-ს პრინტერების დისკები სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით, რადგან ჩასადები კეისების გარეშე იყვნენ ჩამოდებული სტენდზე. ასევე, ამ სტენდთან ეკიდა პორტატული კომპიუტერი, რომელთან ურთიერთობაც ყველას შეეძლო.
|
|
სხვათაშორის, მივხვდი ვინც იქნებოდა W810-ის მფლობელი
სტატია კი კარგია, მაგრამ გამოფენას რა ეშველება, რა ვიცი...