Google AdSense – დიდი ფული თუ...
ალბათ ბევრს გეცნობათ ეს სახელი, იცით რომ AdSense-ის საშუალებით საკუთარი საიტებით ხალხი ფულს შოულობს. ვინც არ იცით, AdSense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტური, ანუ თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს). რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპუნებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში) გუგლი გიხდით გარკვეულ თანხას. ეს თანხა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოითვლება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. AdSense მთლიანად დაფუძნებულია AdWords სერვისზე. ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც ხალხი ანთავსებს რეკლამას AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განმათავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რისი გადახდაც სურს ერთ წკაპზე (ეს თანხა განისაზღვრება 0.05$-დან 100$-მდე).
მაგალითად, მომხმარებელმა შექმნა საკუთარი საიტის რეკლამა (დაწერა სათაური და აღწერა), სარეკლამო ბიუჯეტად დააწესა 1000$, ხოლო მაქსიმალური თანხა ერთ წკაპზე დააწესა 1$. ამის შემდეგ უკვე Google განსაზღვრავს თუ რომელ საიტებზე გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა და რა თანხა ჩამოიჭრება (მაქს. 1$ ჩვენს მაგალითში) მომხმარებლის სარეკლამო ბიუჯეტიდან თითოეულ წკაპზე. ყოველი წკაპიდან გუგლი გარკვეულ თანხას თავისთვის იტოვებს, დანარჩენს კი საიტის მეპატრონეს უხდის. მაგრამ ამ თანხების ოდენობა გუგლის საიდუმლოა. The New York Times-მა განაცხადა, რომ გუგლი 1 წკაპიდან თანხის 78,5%-ს საიტის მეპატრონეს უხდის, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.
ახლა უკვე იცით, როგორ მუშაობს AdSense და შეგიძლიათ შემდეგ ეტაპზე, ანუ რეგისტრაციაზე გადახვიდეთ.
ექაუნთის რეგისტრაციისთვის უნდა შეცუნცულდეთ აი ამ მისამართზე: http://www.google.com/adsense და დააჭირეთ ღილაკს Click Here to Apply. გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი, სადაც პირადი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. აქ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას:
Account Type-ში უნდა აირჩიოთ რა სახის ექაუნთის შექმნა გსურთ, Individual (კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის) ან Business (ორგანიზაციისთვის). Website URL-ში მიუთითეთ თქვენი საიტის მისამართი. მაგ: http://www.domain.com. აქ მხოლოდ ერთი საიტის მისამართის ჩაწერა შეგიძლიათ და ეს ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ ერთზე მეტი საიტი გაქვთ. რეკლამის ჩასმას იმდენ საიტზე შესძლებთ, რამდენზეც მოისურვებთ, აქ უბრალოდ თქვენი უდიდესი საიტის მისამართი ჩაწერეთ. Website Language-ში უნდა აირჩიოთ საიტის ენა. სამწუხაროდ აქ ქართული არ არის, ანუ ქართულენოვანი საიტით რეგისტრაციას ვერ გაივლით, თუმცა რეგისტრაციას უპრობლემოდ გაივლით იმ ენოვანი საიტით, რომელიც სიაშია. Payee Name-ში ჩაწერეთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვის სახელზეც ფული გამოიგზავნება. ეს პიროვნება უნდა იყოს 18 წლის, ან მეტის. ყურადღება მიაქციეთ მისამართის სწორად ჩაწერას. იგი ინგლისურად (თუმცა შეიძლება ქართულმაც გაამართლოს, არსებობს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ) უნდა ჩაიწეროს, ამიტომ აქვე დაგიწერთ მაგალითებს: რუსთაველის პროსპექტი #80 – Rustaveli Ave#80, ფალიაშვილის ქუჩა #28 – Paliashvili str#28, პირველი მ/რ – 1-st Micro, მე-9 კორპუსი – Building #9, ბინა #18 – Apt#18. ამ მაგალითების მიხედვით არ გაგიჭირდებათ საკუთარი მისამართის სწორად დაწერა, თუმცა აქვე მეორე გარემოებას ვახსენებ. სინამდვილეში თქვენი მისამართის ინგლისურ ენაზე დაწერა მხოლოდ თქვენი ინგლისურის ცოდნას ამჟღავნებს, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოება, Google ცხოვრებაში თქვენ არ ჩამოგაკითხავთ, მისამართი საჭიროა წერილების და კორესპონდენციის გამოსაგზავნად. შესაბამისად, წერილს მიიღებს ჩვენი ფოსტალიონი, ახლა მითხარით როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ფოსტალიონებზე? ინგლისური მაგრად იციან? პასუხი გასაგებია, პირადად ორი დაკვეთა დავკარგე ჩემი ინგლისური ცოდნის გამომჟღავნებისას, ამიტომ იმ შემთხვევების შემდეგ მივმართავ მეორე მეთოდს, ინგლისური ასოებით ვწერ ქართულ მისამართს, მაგალითად: rusTavelis pr. #80, paliashvilis q. #28, pirveli micro raioni, korp. #9 bina 18, ასეთ მისამართს Google, მიიღებს კორექტულად, ჩვენი ფოსტალიონები კი თავის კომბალს მოიფხანენ და წერილს 99% შემთხვევაში უპრობლემოდ მიიტანენ ადრესატამდე. Zip or postcode-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით 09-ში დარეკეთ და გეტყვიან ეს არის ოთხნიშნა კოდი, თუ 09-ში ვერ რეკავთ ჩაწერეთ სათაო ფოსტის კოდი 0179, თუმცა ამ შემთხვევაში წერილი კიდევ რამდენიმე დღე დააგვიანებს რადგან ქართულ განყოფილებებს შორის იბოდიალებს წერილი. Phone-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგ, თუ თქვენი ნომერია 642931 აქ უნდა ჩაწეროთ შემდეგი სახით: +99532642931. Product Selection-ში და Policies-ში ყველაფერი მონიშნეთ (დანარჩენ ველებს იმედია თვითონ შეავსებთ) და დააჭირეთ Submit Information-ს. მაქს. 2 დღის შემდეგ E-Mail-ზე მოგივათ შეტყობინება გუგლისგან. თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ და თქვენი პირადი ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება გუგლის წესებს, თქვენ AdSense-ის მომხმარებელი გახდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ სცადეთ რეგისტრაცია წესების დაცვით.
პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი
მაგარი რაღაცაა, საღოლ.